თავისუფალი დემოკრატების ოფისში, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მისი უწყების თანამშრომლების დაკავებებზე ისაუბრა.
როგორც ალასანიამ განაცხადა, ეს მიზანმიმართული დევნაა.
"მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პროკურატურის ნაბიჯებზე, რომელიც დღესაც გაგრძელდა.
მინდა ცალსახად ვთქვა, შეინიშნება პოლიტიკური სარჩული. მაშინ, როცა თავდაცვის მინისტრი საფრანგეთსა და გერმანიაში იყო შეხვედრებზე და მიმდინარეობდა საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაზე მოლაპარაკებები, დააკავეს ჩემი თანამშრომლები.
ჩვენ არ გვითქვამს, რომ გამოძიებას ვინმე წინ უნდა დაუდგეს, მაგრამ მაქვს ეჭვი, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე.
მივმართავ პოლიტიკურ საბჭოს შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა – საითკენ მიჰყავს პროკურატურას ჩვენი ქვეყანა.
ესაა შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე, ესაა შეტევა იმ სტრუქტურაზე, რომელიც გამორჩეულია საგარეო პოლიტიკის მიღწევის გზაზე.
მე კარგად ვიცი ვისი გორის ვარ, ვერ შემაშინებს პროკურატურა."