ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში, თოვლის საფარმა 1 მეტრს მიაღწია. ასევე, საკმაოდ დიდი თოვლია მოსული სოფელ ქვაბღასა და ზოტში. დიდთოვლობის გამო სოფელ ზოტს ორი დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა ელექტოენერგია.
ქვაბღის მოსახლეობას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, ფრაქცია “ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზვიად მამალაძე და საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, მაია პაიჭაძე შეხვდნენ.
_ მიუხედავად იმისა, რომ თოვლი ნაადრევად მოვიდა და გარკვეული პრობლემები შექმნა, მუნიციპალიტეტი მზადაა ყველა პრობლემის გასამკლავებლად. ჩვენი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, _ გვითხრა ზაალ მამალაძემ
ზაალ მამალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ზოტის მოსახლეობას შეხვდა გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძეც.
ზოტელებმა გუბერნატორს სოფელში არსებულ პრობლემებზე ესაუბრეს და ხე-ტყის ჭრასთან დაკავშრებით მათთვის შექმნილ პრობლემებზეც მოუყვენ. გუბერნატორის თქმით ამ საკითხზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს ხანში ზოტელებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად იმ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებსაც ამ სოფელში ხე-ტყის ჭრის 20 წლიანი ლიცენზია აქვს მოპოვებული.
გარდა დიდთოვლობისა ჩოხატაურს მეწყერმაც შეუქმნა პრობლემები. რამდენიმე სოფელში გზები დაიმეწყრა. სოფელ ერკეთში მეწყერის გამო 4 ოჯახის ევაკუირება გახდა საჭირო.
ამის გამო, სამშაბათს, ჩოხატაურში გეოლოგები ჩამოვიდნენ, რომლებმაც დამეწყრილი ადგილები მოინახულეს. როგორც გვითხრეს, შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშრებით დასკვნა უახლოეს დღეებში დაიდება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით სტიქიამ ბევრ სოფელს შეუქმნა პრობლემები. ჯერჯერობით ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.