"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, ქვეყანაში კრიზისია და პარლამენტის სხდომის ჩატარება აუცილებელია.
როგორც დარჩიაშვილმა "გურია ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, უნდა გაირკვეს, სარგებლობს თუ არა კოალიცია უმრავლესობის კვოტით.
"ჩვენი ნდობით რომ არ სარგებლობს, ეს დიდი ხანია უკვე ცნობილია. მაგრამ აუცილებელია გაირკვეს, უმრავლესობის კვოტით სარგებლობენ თუ არა“, _ აღნიშნავს დარჩიაშვილი.
რაც შეეხება მის მოსაზრებას, უნდა დატოვონ თუ არა კოალიცია "თავისუფალმა დემოკრატებმა“, უმცირესობის წევრი აცხადებს, რომ "როდესაც ასეთი განცხადებები გაკეთდა, მათი პოლიტიკური ლიდერი პრაქტიკულად დაპირისპირებული აღმოჩნდა პრემიერთან, ვფიქრობ, ფრაქციაში არაფერი უნდათ“.
დარჩიაშვილმა არ გამორიცხა, რომ შესაძლებელია, "ნაციონალურმა მოძრაობამ“ ირაკლი ალასანიასთან მოლაპარაკებებიც დაიწყოს.
"ეს მთავრობა არაკომპეტენტურად და ეროვნული ინტერესების ვერდამცველად მიგვაჩნია, საერთოდ თუ გაცნობიერებული აქვთ, რაშია ეროვნული ინტერესი. ისინი მხოლოდ პოლიტიკური დევნით არიან დაკავებულები. შესაბამისად, თუ ჩვენი პოზიციები აბსოლუტურად დაემთხვევა ერთმანეთს, მაშინ შეიძლება კონკრეტულ საკითხებზე აზრების შეჯერების შესაძლებლობა გვქონდეს . ჩვენი კარები არავისთვისაა დახურული. ქვეყანა ფეხზეა დასაყენებელი და გადასარჩენი“, _ განაცხადა დარჩიაშვილმა "გურია ნიუსთან“ საუბრისას.