პარლამენტის ე.წ. "ნდობის ჯგუფის" წევრი, დმანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი, გუშინ, „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საბუთებით იყო მოსული.
თუმცა, ჟურნალისტებს არ გაგვიმხილა რა ეწერა საბუთებში – "სულ რამდენიმე წუთის წინ გადმომცეს და არ წამიკითხავს".
შეხვედრიდან რამდენიმე საათში, ქვეყანაში მოვლენები ისე განვითარდა, რომ პრემიერ-მინისტრმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადააყენა.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა, რას ფიქრობს, საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებზე და რა ეწერა "ნდობის ჯგუფისთვის" მიწოდებულ საბუთებში.
კახა ოქრიაშვილი ამბობს: "რა ეწერა დოკუმენტში ვერაფერს გეტყვით, რადგან გრიფით საიდუმლოა. ამ დოკუმენტს გუშინ არ ვიყავი გაცნობილი. გავეცანი და იქ არაფერი წერია დარღვევებზე. საბუთები ეხება ზოგადად შესყიდვებს. ანუ, თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო შესყიდვებს. თქვენთვის საინტერესო იქ არაფერია".
_ რა შეფასებას მისცემთ, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს?
_ ის რაც მოხდა ძალიან სამწუხაროა. დრო გავიდა და კოალიცია იშლება. ვფიქრობ, რომ კოალიცია არ უნდა დაშლილიყო. ეს სამწუხაროა ჩვენი ქვეყნისთვის და პოლიტიკური სუბიექტებისთვისაც. მეტი მოლაპარაკებები და კომპრომისების მოძებნაა საჭირო, ვიდრე ასეთი კონფრონტაციული ფონი იქნება.
_ გუშინ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს თუ გამოხატეთ თქვენი აზრი?
_ დიახ. მე გამოვხატე ჩემი აზრი და ვთქვი: ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კოალიცია შენარჩუნდეს, მაგრამ ვფიქრობ, იმ მომენტისთვის, ყველაფერი უკვე დაგვიანებული იყო. მოლაპარაკებები და კომპრომისების ძებნა წინა თვეებში ან რამდენიმე დღით ადრე უნდა მომხდარიყო. გუშინ, ყველაფერი ისეთ ფაზაში შევიდა, რომ ვფიქრობ, პრემიერი იძულებული იყო ეს გაეკეთებინა.
_ თანამდებობიდან გადადგა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და მისი მოადგილე, დავით ზალკალიანი. თქვენი აზრით, შეცვლის თუ არა მათი თანამდებობიდან წასვლა ქვეყნის საგარეო კურსზე და რამდენად იმოქმედებს მათი წასვლა ქვეყნის იმიჯზე?
_ ქვეყნის საგარეო კურსზე მათი წასვლა ნამდვილად არ იმოქმედებს. თუმცა, კარგი და კვალიფიციური კადრების დაკარგვა არის სამწუხარო.
მე ვთვლი, რომ მაია ფანჯიკიძე კვალიფიციური კადრი იყო. ასევე,ზალკალიანიც. თუმცა, მას პირადად არ ვიცნობ. მაგრამ, ასეთი წარმოდგენა მაქვს მასზე.
_ თქვენ, ვის ისურვებდით საგარეო საქმეთ მინისტრად?
_ არ ვიცი. არ მაქვს პასუხი.