"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ გოგოტიშვილმა და პარტიის წევრებმა, მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართეს.
"ნაციონალური მოძრაობა ემიჯნება იმ დაპირისპირებას, რომელიც უკავშირდება ქალაქ ოზურგეთში ახალი კომფორტული სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მშენებლობის პროცესს.
მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე გურიის მაცხოვრებლებისთვის პრიორიტეტულია სასიცოცხლოდ აუცილებელი პროექტების შეთავაზება, განხორციელება და არა იმის გარკვევა, რომელი სტრუქტურა რომელ ფეშენებელურ შენობაში გადავა, ან ვინ რა თანამდებობას დაიკავებს", _ თქვა მიხეილ გოგოტიშვილმა.
მისივე თქმით, ივანიშვილის მარიონეტულ გუნდს, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან არ გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნებოდა იმ ყალბი დაპირებების შესრულებისკენ, რომელსაც ასე უხვად გასცემდნენ წინასაარჩევნოდ.
"ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ხელისუფლების ორ წლიანი უმოქმედობის ფონზე, ისეთი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რომელიც ახალი შენობების და სამუშაო კაბინეტების მოწყობას უკავშირდება.
ასევე, მიუღებელია ის ფორმაც, თუ როგორ ხდება აღნიშნული გადაწყვეტილების ხალხისთვის შეთავაზება, აგრეთვე შენობისთვის განსაზღვრული სავარაუდო ადგილმდებარეობა, რადგან ვთვლით, რომ რეკრეაციულ ზონაში, სადაც განთავსებულია დასვენებისა და გართობის პარკი, დაუშვებელია ფუნქციაგამოცლილი სახელმწიფო დაწესებულებისთვის დამატებითი შენობის განთავსება.
ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც შინაარსშივე ამჟღავნებს მისი ავტორების ხალხისადმი დამოკიდებულებას", _ გვითხრა მიხეილ გოგოტიშვილმა.