_ დამთავრდა, სამწუხაროდ, აღარ მირიცხავენ ფულს, _ ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, რომელსაც ინტერვიუს თხოვნით რამდენჯერმე უშედეგოდ მივმართეთ.
ეს ინტერვიუ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის კაბინეტში ჩაიწერა, სადაც დარჩიას შემთხვევით შევხდით.
_ თქვენ არ გაქვთ ჩემთან შეხვედრის სურვილი და ინტერვიუ როგორ უნდა ჩაგვეწერა? _ აქეთ გვისაყვედურა საკრებულოს თავმჯდომარემ.
_ ბატონო დავით, რამდენიმე ჩანაწერი შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ, რომელიც ადასტურებს, რომ შეხვედრაზე ვერ დაგითანხმეთ. უფრო სწორად, რამდენჯერმე დაგვპირდით, მაგრამ არ შეგვხვდით. მერე სამსახურში გეწვიეთ და ოზურგეთში მყოფმა, მდივანს ათქმევინეთ, რომ თბილისში იყავით.
_ მივდიოდი მაშინ… ჩანაწერი გაქვთ? გამოაქვეყნეთ ახლა, რა ვუყოთ _ ხდება ხოლმე. თქვენ ტელეფონშიც გინდოდათ რაღაცის ახსნა, მაგრამ ტელეფონში ყველაფერი არ იხსნება.
_ ახლა შემთხვევით შევხვდით და იქნებ, გვითხრათ ვინ გიხდიდათ ყოველწლიურად 15 000 ლარს, რომელსაც, როგორც თქვენ განმარტავთ, "კაი კაცობისთვის" და "ვაჟკაცობისთვის" იმსახურებდით…
_ თქვენ ხომ იცით ვინაა ჩემი მეგობარი (დავით დარჩია ბიძინა ივანიშვილის კურსელია. ავტ.)? თქვენმა მეგობარმა რომ რაიმე გაჩუქოთ, მე რა ხელი მაქვს მაგასთან და რატომ უნდა გამოვეკიდო?
_ არაფერს ვეკიდებით, ბატონო დავით, დავინტერესდით ოფიციალური ინფორმაციით და გკითხეთ, ვინ გჩუქნიდათ თანხას საჯარო მოხელეს…
_ ხო, მაგრამ უკანონო არაფერი გამიკეთებია. სახელმწიფოსთან პირნათელი ვარ.
მისივე თქმით, პირნათელია ხალხთანაც, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წნეხიდან გაათავისუფლა. დარჩია ამბობს, რომ ქვეყანა წინ მიდის და ამის ფონზე, ხელფასების მომატების სურვილში "სასწაული არაფერია":
_ ვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის. სასწაულს ნუ ქმნით აქედან. ჩვენ კანონს არ ვარღვევთ. ვითხოვთ იმ ზედა ზღვარს, რაც პრეზიდენტის ბრძანებულებით არის განსაზღვრული. მე რაღაც სამასი ლარი მომემატება, მეტი კი არა.
_ "რაღაც სამასი ლარი" ძალიან ბევრი ადამიანისთვის ყოველთვიური შემოსავალია, უფრო ბევრს კი ეს თანხაც არ აქვს.
_ ხო, რა ვიცი. ერთს გეტყვით _ მაგალითად, "ნაციონალების" დროს, ბენზინის იმპორტიორი ქვეყანაში თითზე ჩამოსათვლელი იყო, დღეს კი ორასია რეგისტრირებული, ვისაც ნავთობის შემოტანა შეუძლია. ეს ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კომენტარი გუბერნიის შენობასთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი საზოგადოების გადასაწყვეტია:
_ მე ბევრი არაფერი ვიცი, ფეისბუქზე ვნახე ფოტოები. ვერ ააშენებს, რადგან ეს საზოგადოების გადასაწყვეტია. ღმერთმა დაიფაროს, რომ პარკში ააშენოს _ იქ იმდენი ხე იქნება მოსაჭრელი, რომ იქნებ, არც ღირდეს არც გუბერნია და არც არავინ.
_ ბატონო დავით, საკმაოდ პატარა კაბინეტი გამოგიყვეს. პრეტენზია ხომ არ გაქვთ?
_ ფართის პრობლემა ნამდვილად გვაქვს _ სამუშაო გარემო არ არის. ბოდიში და თავზე აზის ხალხი ერთმანეთს. ამას არანაირი სამუშაო პირობა არ ქვია. ისე, წესით და კანონით, ჩვენ ვართ თემთა მუნიციპალიტეტი, ჩვენთვის უნდა მოეცათ ეს ფული და ჩვენ ავიშენებდით ახალ შენობას.
_ სამხარეო პოლიციის ყოფილ შენობაზე არ გიფიქრიათ, ახალი რომ არ აიშენოთ და ფული ზედმეტად რომ არ ხარჯოთ?
_ კი, კარგია იქნება, მაგრამ მაგას მე რომ არ მეკითხებიან, ხომ იცით?!
_ თქვენ ხომ საკრებულოს თავმჯდომარე ხართ. რას ნიშნავს, არ გეკითხებიან?
_ გუბერნია რას იზამს, მე რა ვიცი?! გადავიდეს, კაცო! საერთოდ ჩემს პოზიციას გაგაცნობთ _ მე ვფიქრობ, რომ თუნდაც სოფელ ოზურგეთში უნდა გადავიდეთ, ახლოს არის ქალაქთან. რაღაცნაირად გამოცოცხლდება სოფლის ცენტრი. გადასვლა შესაძლებელია ნატანებშიც… ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს?!
_ შეკვეთილში ხომ არ აჯობებს?
_ ეგ უკეთესი, _ ამბობს დარჩია, რომლის განმარტებით, მის მეგობარს (საუბარია ბიძინა ივანიშვილზე. ავტ.) შენობის აშენებას ნამდვილად ვერ სთხოვს:
_ თხოვნა კი შემიძლია, მაგრამ გააჩნია, რას ვთხოვ. შენობას ვერ ვეტყვი. ისე, რა ვუთხრა, სად უნდა ამიშენოს _ ქალაქში თუ შეკვეთილში?! თავად გადაწყვეტს და თუ საჭიროა, ააშენებს.
გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ გუბერნატორთან დაპირისპირება აქვს, დავით დარჩია უარყოფს და ამბობს, რომ "ხანდახან კამათი ისე მოსდით, სამუშაო გარემოში"
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მომწონს, კარგი ბიჭია, ახალგაზრდა. მერიც მომწონს. გამოცდილება აქვს და მუშაობა იცის.
_ გუბერნატორი?
_ ჩემს მოწონებაზეა ეგ? ეგებ, მეც არ მოვწონვარ ხალხს, _ დასძენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომლის სახელს ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენებაც უკავშირდება:
"აი, ოზურგეთში, მაგალითად, როდესაც ჩვენ პარტიულ ორგანიზაციებს რეგიონებში ვნერგავთ, იქ პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელად, ჩემი სტუდენტობისდროინდელი მეგობარი დავით დარჩია აურჩევიათ ჩვენებს, ახალი პარტია მაქვს მხედველობაში. დავით დარჩია ჩამოვიდა თბილისში და მეუბნება, რომ იქაური პოლიციის უფროსი მივიდა მასთან და ეუბნება, რაღა გინდა ამ პარტიაში, იქ ყველაფერი გადაწყვეტილია, ყველა პროცესი დასრულებულია, ირაკლი ალასანია იქნება პრეზიდენტი და ჯობია, იმ გუნდში წამოდი, რაღა გინდა აქო. აი, ეს ელემენტარული უყურადღებობა იყო ირაკლის მხრიდან, რაც სულ სხვანაირად გავრცელდა რეგიონებში…”, _ ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის იანვარში, ალასანიას ვიცეპრემიერობიდან გათავისუფლების შემდეგ გააკეთა.
ამ განცხადებას გურიაში ალასანიას კადრების გათავისუფლებაც მოჰყვა, თუმცა, ამ თემაზე მაშინ დარჩიას კომენტარი არ გაუკეთებია.
მოგვიანებით, ჩვენი წყარო ამტკიცებდა, რომ პრემიერის მეგობარს გუბერნატორობა სურდა და ამ საკითხზე დედაქალაქში რამდენჯერმე იყო ჩასული, როგორც "ბიძინას კაცი", თანამდებობასაც კატეგორიულად ითხოვდა.
გუბერნატორობის სურვილს და თბილისში ვიზიტებს დავით დარჩია "გურია ნიუსთან" საუბრისას 2013 წლის 2 ნოემბერსაც ადასტურებდა:
"ბატონო დავით, ბიძინა ივანიშვილთან თქვენი პოზიციები ირაკლი ალასანიას კადრის, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს აწ უკვე ყოფილი უფროსის შესახებ ჩატანილმა ინფორმაციამ ხომ არ გაამყარა? იმ ინფორმაციას ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გათავისუფლება მოჰყვა…
_ როგორ გითხრათ, თქვენ თუ თვლით, რომ ჩემი დამსახურებაა, მასე იყოს. რატომ გახსოვთ ეგ ამბავი? მე არ მახსოვს და…
_ სწორედ მაგ ამბის შემდეგ გახდა თქვენი სახე აქტუალური პოლიტიკაში. მაგის შემდეგ დაინიშნეთ "ქართული ოცნების” ოზურგეთის ორგანიზაციის უფროსად, შემდეგ, მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსად…
_ კი, ბატონო. ჩათვალეთ, რომ პრემიერი ჩემი ახლობელი, მეგობარი კაცია და მე ჩემი ცხოვრების მანძილზე მზად ვარ, მივაწოდო ინფორმაცია. სხვა რა შუაშია და რა კიდეში, ვერ გავიგე. რა პოზიციის გამყარებაზეა საუბარი? მე ყოველთვის მქონდა პოზიცია იმ რაიონში, სადაც ვცხოვრობ და ჩემი ფეხით დავდიოდი, ჩემი კაცობა და ადამიანობა მაქვს, ასევე, ჩემს ოჯახს და ამას ვერავინ ვერ შეცვლის, მიუხედავად ბევრი მცდელობისა და თეთრი თუ შავი ლაქების გამოჩენისა. მე ჩემი ცხოვრება მეამაყება. ვიმსახურებ, რომ ქვეყანა და ჩვენი რაიონი იყოს წარმატებული.
დავით დარჩიას დღეს ამ თემაზე საუბარი არ სურს და ამბობს, რომ მისი საქმეა, ვის რას ეტყვის. ამბობს იმასაც, რომ ალასანიას და ივანიშვილის დაპირისპირებაში, შესაბამისად, შექმნილ მდგომარეობაში მისი წვლილი არაფერია:
_ რა ვიცი, მე რა ამბები ჩავუტანე? რას ლაპარაკობთ?! ასეთი რამ არ ყოფილა.
_ ბიძინა ივანიშვილმა ღიად განაცხადა, რომ თქვენ ჩახვედით თბილისში და ალასანიას პარტიის გაძლიერების მცდელობებზე ესაუბრეთ. ტყუილი თქვა?
_ არა, კაცო, რა ტყუილი!!!
_ გასული წლის ნოემბერში, როცა გუბერნატორობა გინდოდათ, ამბობდით, რომ ცხოვრების მანძილზე მზად იყავით ბიძინა ივანიშვილისთვის ინფორმაცია მოგეწოდებინათ… დღეს თუ აწოდებთ ინფორმაციებს გურიაში შექმნილ მდგომარეობაზე, მაგალითად გუბერნატორზე, რომელიც, როგორც გვითხარით, არ მოგწონთ.
_ რას ქვია, ინფორმაციას ვაწოდებთ? ამას რატომ მკადრებთ? ამას სხვა სახელი ქვია.
_ მე თქვენს სიტყვებს ვიმეორებ.
_ ჩემი საქმეა, ვინ მომწონს და ვინ _ არა. ეს რა შეკითხვებია? არავის არ ვაწვდი ინფორმაციას. რა ვიცი ახლა, მეტი რა უნდა გითხრათ და რა უნდა ვქნა?! _ გვითხრა დარჩიამ.