"ჩვენ არაერთხელ ხაზგასმით აღგვინიშნავს, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს ძლიერი ინსტიტუტებით და არა კულუარებიდან!" _ ეს განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ გააკეთა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, "შექმნილმა ვითარებამ მიგვიყვანა იმ რეალობამდე, რომ პოლიტიკური დაპირისპირება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ინსტიტუტების ეფექტიან ფუნქციონირებას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და რაც მთავარია, ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტია".
პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა, როცა კულუარებზე საუბრობდა, თუმცა, საზოგადოების უმრავლესობამ გიორგი მარგველაშვილის ამ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი ამოიცნო.
"იმართება თუ არა ქვეყანა კულუარებიდან?!" _ სწორედ ეს იყო G-News TV-ის გადაცემა "კვირის თემის" მთავარი კითხვა და მთავარი თემაც.
ჩვენი კორესპონდენტების მიერ გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა ამბობს, რომ ქვეყანა კულუარებიდან იმართება, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა უმრავლესობა ამ საკითხზე საჯარო საუბარს ერიდება.
ამ თემაზე არც "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებს სურთ საუბარი, რომელთა განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის დატოვების შესახებ ყრილობის შემდეგ გაახმოვანებენ: _ გადაწყვეტილებას ყრილობის შემდეგ მივიღებთ, _ ასეთია "თავისუფალი დემოკრატების" უმრავლესობის" პოზიცია.
_ ინფორმაცია მხოლოდ ტელევიზიიდან მაქვს. პარტიის არც ერთ ლიდერთან არ მქონია საუბარი. რვაში ყრილობა გვაქვს და სწორედ ყრილობის შემდეგ გადავწყვეტ, დავრჩები თუ არა პარტიაში და კოალიციაში, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" ჩოხატაურის ორგანიზაციის წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა მანანა მინდაძემ, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე "თავისუფალი დემოკრატების" სიაში პირველ ნომერს იკავებდა.
აღსანიშნავია, რომ მინდაძე თეა წულუკიანის ახლობელია. ჩვენ კითხვაზე _ იქონიებს თუ არა მის გადაწყვეტილებაზე გავლენას წულუკიანის პოზიცია, მინდაძე ასე პასუხობს:
_ მართალია, თეა ჩემი ახლობელია, მაგრამ ასევე ახლობლები არიან პარტიის სხვა ლიდერებიც. ამ ეტაპზე, დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ რაც მოხდა, ძალიან მაწუხებს და განვიცდი, _ დასძინა მინდაძემ.
ყრილობის მოლოდინშია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ სიხარულიძეც:
_ ის ღირებულებები, რომლის ირგვლივაც გაერთიანდა ჩვენი პარტია კოალიციაში, არ შეცვლილა და შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ კოალიციას დავტოვებ. რაც შეეხება პარტიას, გადაწვეტილებას ყრილობის შემდეგ მივიღებ. ალბათ, დავრჩები პარტიაში, _ გვითხრა სიხარულიძემ.
განსხვავებით ჩოხატაურელი "თავისუფალი დემოკრატებისგან", კოალიციის სასარგებლო არჩევანი ჯერ კიდევ პარასკევს გააკეთეს ოზურგეთში.
"მიმაჩნია არასახელმწიფოებრივად, რომ დღეს დავტოვო კოალიცია. მე იძულებული ვარ დავტოვო "თავისუფალი დემოკრატები", დავრჩე "ქართულ ოცნებასთან" ერთად და დავიწყო იმ დანაპირებების ასრულება, რომელიც მივეცით ხალხს", _ განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და "თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ყოფილმა დიმიტრი კვერღელიძემ საგანგებო ბრიფინგზე. ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ოზურგეთში, პარტიის რიგები, კვერღელიძესთან ერთად, ექვსმა "თავისუფალმა დემოკრატმა" დატოვა.
ამავე დღეს, "თავისუფალი დემოკრატების" დატოვებაზე განცხადება გააკეთეს ლანჩხუთის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა გურამ იმნაიშვილმა.
ნუგზარ ცინცაძის თქმით, ის ყოველგვარ პარტიულ ინტერესს ემიჯნება, ხოლო იმნაიშვილი საკუთარ ადგილს სამომავლოდ კოალიციაში ხედავს.
აღსანიშნავია, რომ "გურია ნიუსმა" ქვეყნის კულუარებიდან შესაძლო მართვის შესახებ ბიძინა ივანიშვილს შეკითხვა ზუსტად ერთი წლის წინ დაუსვა.
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ არ აპირებდა ქვეყნის კულუარებიდან მართვას, თუმცა, დააზუსტა, რომ არსად არ მიდიოდა. უბრალოდ, "გადადიოდა"
_ არ მივდივარ, გადავდივარ. მართვის სამსახურს ვუტოვებ ამათ და გიორგის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ივანიშვილმა.
_ როგორც თქვით, მესამე სექტორში გადადიხართ ექვს-შვიდ პერსონასთან ერთად…
_ დიახ. ამას დიდი თანხები არ სჭირდება. ეს ეწყინათ ჟურნალისტებს თუ ექსპერტებს, მაგრამ თუ მათ სურვილს დასჭირდება და იქნება მოთხოვნილება იმაზე, რომ პროფესიონალიზმის და კვალიფიკაციის ამაღლება მოხდეს, თანხები შეიძლება, დასჭირდეს და მართლაც მაქვს ამის განწყობა, მაგრამ ის, რომ სამოქალაქო სექტორი ზედმეტად ფულით გადავახუროთ, ეს არ იგეგმება. რამდენიმე თანამშრომელი დამჭირდება მე იქ, მაქვს გეგმაში ჩადებული, თუ როგორ უნდა მოვახერხო და დავეხმარო საზოგადოებას.
_ არ მიდიხართ, არ ხარჯავთ ფულს და აპირებთ განავითაროთ მესამე სექტორი. ასე იყო მაშინაც, როცა "თავისუფლების ინსტიტუტი" მართავდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ისევ იმ გზაზე ხომ არ მივდივართ? მით უმეტეს, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს ქვეყანაში და სადაც არ უნდა წახვიდეთ, მაინც ასე იქნება…
_ არ იქნება ასე. "თავისუფლების ინსტიტუტი" მართავდა კულისებიდან. ჩემი ცხოვრების წესი თუ გინახავთ, არც ვიკადრებ და არც უნდა მაკადროთ… რა მჭირს მაგის ფასი?! თუ სურვილი მექნებოდა, გაცილებით ადრეც მოვიდოდი პოლიტიკაში. რა მიშლიდა ხელს, რომ ნებისმიერი არჩევნების დროს მოვსულიყავი პოლიტიკაში _ მქონდა დიდი შანსი გამარჯვების. ამის სურვილი არ გამაჩნდა და ახლა რა მეტაკება?! მინდა, რომ მესამე სექტორში ვიყო. რა დაინახეთ ამაში ასეთი? მოვედი, როდესაც ქვეყანას დასჭირდა, გავაკეთე კარგად და ახლა, ამის შემდგომ რომ თქვათ, მიდის ან გარბის, ან ეშინია, ან კულისებიდან უნდა მართოს _ ჩემთვის ეს მიუღებელია. მე ვიცი საზოგადოების აქტიური ნაწილის პროფესიონალიზმის დონე და აბსოლუტურად გაგებით ვეკიდები ამას. შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი, რამეთუ ჩემი ცხოვრების წესი ასეთ კითხვებს არ იმსახურებს. მე ისეთი არაფერი არ გამიკეთებია დაბადებიდან და განსაკუთრებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში _ რაც საქართველოში ვიყავი და იქაც, როცა რუსეთში ვიყავი, ვასრულებდი ყველა იმ ფუნქციას, რაც მე მეკისრა. ახლა ეს ყველაფერი "ნაციონალურმა მოძრაობამ" ააგორა და მხარდამჭერებმაც აიტაცეს, რომ გარბის, შეეშინდა ან კულისებიდან უნდა მართოს. არ არის ეს ასე. თუმცა, ეს თქვენი აზრია და გამოთქვით, როგორც თქვენ გსურთ. თქვენს შეკითხვაში უკვე პოზიცია ფიქსირდება და როდესაც ეს კითხვა გიჩნდება, იქაც კი არგუმენტაციაა საჭირო, მაგრამ ეს თქვენი უფლებაა… გავლენა, რა თქმა უნდა, მექნება. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს გავლენა. სახელმწიფო სტრუქტურებზე და პოლიტიკაზე მექნება გავლენა. საზოგადოების გავლენას გავზრდი. მე მთავრობის წევრი კი არ ვიქნები, მთავრობას კი არ გადავწონი, რამაც, შეიძლება, ზიანი მოუტანოს მთავრობას, არამედ ის ჭარბი წონა, ის ჭარბი ნდობა, რაც, დღესდღეობით, მაქვს მე, რაც გამაჩნია, მის ერთ პატარა ნაწილს არ დავუთმობ, ძირითად ნაწილს მოვახმარ ხელისუფლებას.. ჩემი გადასვლით საზოგადოების წონა, საზოგადოების სიტყვის ფასი გაიზრდება, საზოგადოების მოთხოვნა და კონტროლი გაძლიერდება და მე საზოგადოებასთან ერთად გავაკეთებ იმას, რაც ევალება და ხელეწიფება საზოგადოებას,"_ ამბობდა მაშინ "გურია ნიუსთან" საუბრისას ბიძინა ივანიშვილი.





































































