"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წევრები" და მხარდამჭერები, 15 ნოემბერს, თბილისში, აფხაზეთის მოსალოდნელ ანექსიასთან დაკავშირებულ აქციაზე მიდიან.
"პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპისთვის 15 ნოემბრის წინა სამზადისი, საორგანიზაციო სამუშაოები დასრულებულია. გურიის მასშტაბით, დღევანდელი მონაცემებით, 15 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე წამსვლელი 500-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. მათგან 400 მსურველი მარტო ოზურგეთიდან არის.
თუმცა, 15 – მდე ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო და არ გამოვრიცხავ რომ მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს", _ აღნიშნავს "გურია ნიუსთან" საუბრისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერი, დავით მჟავანაძე.
მისივე თქმით, ოზურგეთიდან 15 ნოემბრის აქციაზე წასვლას, სხვადასხვა ორგანიზაციები უწევს ორგანიზებას.
"ყოველდღიურად პარტიის ოფისში მოდის უამრავი ადამიანი და გამოთქვამს სურვილს შემოუერთდნენ 15 ნოემბერს დაანონსებულ აქციას. მსურველები, წინასწარ დადგენილი სხვადასხვა სოფლებიდან გაემგზავრებიან აქციაზე. მათ შორის პარტიის ოფისიდანაც".
როგორც მჟავანაძე აცხადებს, აქციაზე მოსალოდნელია ხელისუფლებისგან პროვოკაციების მოწყობა.
"ბუნებრივი კადაფიზაციის გზაზე მდგარი კრემლიდან მართული უუნარო ხელისუფლებისგან, ველოდებით პროვოკაციებს, რადგან ამის ნიშნები უკვე არსებობს.
გარდა ამისა, მინდა ავღნიშნო, რომ ღარიბაშვილის მიერ მართული რუსეთის მონა მოღალატე ქართველები, სოციალურ ქსელში უკვე აანონსებენ კონტრაქციას", _ ამბობს მჟავანაძე.