ბრაზილიური საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი დღის წინ „ფეხბურთის მეფე“, 74 წლის პელე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ქალაქ სან-პაულუს ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს.
ედსონ დოს არანტოს ნასიმენტო რიო-დე-ჟანეიროდან სან-პაულუში გუშინწინ ჩაფრინდა. ამ ქალაქში მისი ავტობიოგრაფიული წიგნის საზეიმო პრეზენტაცია უნდა გამართულიყო.
ამ საზეიმო მოვლენამდე რამდენიმე საათით ადრე მსოფლიო პირველობების სამგზის გამარჯვებულმა თავი შეუძლოდ იგრძნო.
რასაკვირველია წიგნის პრეზენტაცია ჩაიშალა, თავად ხანდაზმული ექს-ფეხბურთელი კი სან-პაულუს ალბერტ ეინშტეინის სახელობის კლინიკაში მოათავსეს.
ამ სამედიცინო დაწესებულების მკურნალებმა პელე საგულდაგულოდ გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. „ფეხბურთის მეფე“ მხოლოდ და მხოლოდ საკვების მიღების გამო მოწამლული გახლდათ.
ცნობილი გახდა, რომ დღეს მსოფლიო ფეხბურთის უბერებელ ვარსკვლავს საავადმყოფოდან ოფიციალურად გამოწერენ და ის ჩვეულ, ნორმალურ ცხოვრებას კვლავ დაუბრუნდება.