ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კონტრაბანდის ფაქტზე, რუსეთის ორი მოქალაქე, რაშიდ და მაგომედ ციჩოევები დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგის" გავლით, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს ერთ კილოგრამზე მეტი ოქრო, რომლის ღირებულება 80 000 ლარს აღემატება.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებმა, ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრაბანდული პროდუქციის შენიღბულად შემოტანის მიზნით, ძვირფას ლითონს მისცეს ქამრის ბალთის ფორმა და დაიმაგრეს შარვალზე.
დანაშაულებრივ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის II ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.