სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმრები რამდენიმე დღის წინ ჯაჭვით მიბმული აღმოაჩინეს, რომლებსაც დაზიანებები აღენიშნებოდათ.
სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კახიშვილი ამბობს, რომ ფაქტთან დაკავშირებით, სამინისტროს გენინსპექცია 12 ნოემბრიდან მოკვლევვას ატარებს.
"სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექცია ამ საქმეს 12 ნოემბრიდან იძიებს. საქმე აკრძალული ნივთებით სარგებლობის ფაქტზე მიმდინარეობს. როდესაც ფაქტი ხდება 12 ნოემბერს, ჩვენთან კი ინფორმაცია მოდის სახალხო დამცველიდან 19-ში პრესით, მოკლებულია სასჯელაღსრულების დაწესებულება სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას, რადგან სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია დაზიანების ხარისხი წარმოშობის მექანიზმის დადგენისთვის. ამიტომ დღეს გართულებული რომ არ იყოს, მივიდეთ და გავარკვიოთ ყველაფერი. იმ შემთხვევაში თუ დადგინდება. თუ გამოიკვეთება ჩვენი თანამშრომლების უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები, საქმეს პროკურატურაში გადავაგზავნით. რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი.
ვთავაზობ სახალხო დამცველს ერთად მივიდეთ მე-8 დაწესებულებაში და გავესაუბროთ პატიმრებს.სისტემა გახსნილია და დასამალი არაფერი არ გვაქვს. ამ სისტემაში პრობლემა რომ არის, რეფორმას ამიტომ ვატარებთ, რაც ძალიან მალე დასრულდება“, _ აღნიშნა კახიშვილმა და დასძინა, რომ მინისტრი აშშ-ში იმყოფება, თუმცა, საქმე მის პირად კონტროლზეა აყვანილი.