"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ანასეულის საბავშვო ბაღის ახალგარემონტებულ შენობაში, წვიმის დროს, წყალი ჩავიდა. "გურია ნიუსთან" საუბრისას ამ ინფორმაციას ადასტურებს საბავშვო ბაღის მენეჯერი ფიქრია თავართქილაძე.
ფიქრია თავართქილაძე: _ სარემონტო სამუშაოები გია შილაკაძემ გააკეთა და ამ დღეებში მას მოუხდა ჭერის შეკეთება _ დარბაზსა და საძინებელში ჩამოდიოდა წყალი. ჭერი უკვე შეკეთებულია. ახლა მხოლოდ კანალიზაციის პრობლემა არის გადასაჭრელი.
_ ახალგარემონტებულ შენობაში წყალი რატომ ჩამოვიდა?
_ არ ვიცი, რაღაც პრობლემა იყო, თუმცა, ამჟამად გარემონტებულია.
_ საბავშვო ბაღში ამბობენ, რომ ახლაც ჩამოდის წყალი. ისე ბევრი არა, როგორც პირველად ჩამოვიდა, მაგრამ მაინც…
_ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩამოდიოდა და ახლა გაკეთებულია, _ გვითხრა ფიქრია თავართქილაძემ.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი ეკა ნინიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე მდებარე საბავშვო ბაღებში, სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, დიდი პრობლემები არ არის. თუ სადმე რამე გაფუჭდება, ის ორგანიზაციები, რომლებმაც სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს, სამი წლის განმავლობაში ყველაფერს გააკეთებენ.
ეკა ნინიძე: _ პრობლემები იყო, რა თქმა უნდა. ანასეულის საბავშვო ბაღში წვიმის დროს ჩამოვიდა წყალი. მოვნახეთ ის, ვინც შეასრულა სამუშაო, საქმეში ჩაერთო ქალაქ ოზურგეთის მერია.
_ ანასეულის ბაღის მენეჯერი ამბობს, რომ, ჯერჯერობით, არ არის ზუსტად ცნობილი, არის თუ არა ჭერი კარგი შეკეთებული, რადგან შეკეთების შემდეგ წვიმა არ მოსულა.
_ ხუმრობით გეტყვით, ე სერიოზულად არ მიიღოთ _ წვიმას, სამწუხაროდ, ვერ ვაკონტროლებთ. ამ ეტაპზე, არ ვიცი, ჩამოდის თუ არ ჩამოდის. მცირე წვიმას, რომელიც ბოლოს იყო, გაუძლო. ნამდვილად შეაკეთეს.
_ ერთხელ შეაკეთეს თუ რამდენჯერმე?
_ ჩატარებულ სამუშაოებს სამი წლის გარანტია აქვს. ამ ხნის განმავლობაში, რაც არ უნდა მოხდეს, ვალდებული არიან შეაკეთონ.
_ ანასეულის საბავშვო ბაღში კანალიზაციის პრობლემაც არის.
_ კანალიზაციის პრობლემა მხოლოდ ანასეულის ბაღში არ არის, რამდენიმე ბაღში დამხვდა. სარემონტო სამუშაოების პროექტში არსად არ იყო გათვალისწინებული კანალიზაციების გაკეთება. #1 საბავშვო ბაღში გვითხრეს, რომ კანალიზაცია თავისი სურვილით გააკეთეს, ანასეულის ბაღშიც ასეთი მდგომარეობაა. ახლა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქის მერიამ გამოყო სახსრები. ანასეულში ახლა გაფუჭდა კანალიზაციის მილები. ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები აპირებენ მისვლას და დეტალურად შეისწავლიან ყველაფერს. ასევე, არ იყო ჩასმული #1 საბავშვო ბაღის სასადილო ოთახში წყლის შეყვანა . ასეთი კურიოზული შემთხვევები სხვა ბაღებშიც შეგვხვდა.
_ შენობა, გარედან კარგად გამოიყურება, ინტერიერი კი არ არის კარგად გარემონტებული.
_ დიდი პრობლემები არ არის. ხშირად იცვლება ონკანები _ ამას ისინი აკეთებენ, რომლებმაც სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს. მათ სამწლიანი კონტრაქტი აქვთ, რომ ხარისხიანად გააკეთონ ყველაფერი და მოემსახურონ ბაღებს, _ გვითხრა ეკა ნინიძემ.
ანასეულის საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები ინდმეწარმე გია შილაკაძემ შეასრულა _ მან ტენდერში გაიმარჯვა და სამუშაოს შესრულების უფლება, რომლის თავდაპირველი ღირებულება 260 000 ლარი იყო, 190 000 (?!) ლარად მოიპოვა.
გია შილაკაძე "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრის დროს ასეთ კომენტარს აკეთებს:
_ ვიცი, ანასეულის საბავშვო ბაღის შენობა ჩემი შესაკეთებელია. უბრალოდ, ვერ მოვიცალე. ორ წერტილი უკვე გავაკეთეთ და ამ დღეებში სრულად შეკეთდება. ყველა პრობლემა მოგვარდება. როდესაც ძლიერი ქარიშხალი და წვიმაა, ორ ადგილზე ჩამოდის წყალი და ასველებს კედლებს. მე ვარ პასუხისმგებელი და ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეს.
სამწუხაროდ, ხელშეკრულება დაიდო გვიან. სარემონტო სამუშაოები 2014 წლის თებერვალში დავიწყეთ, უამინდობის დროს მოგვიხდა მუშაობა. ამ ყველაფერს თან ერთვის ისიც, რომ თვითონ შენობა ამორტიზირებულია _ იგი 1959 წელსაა აშენებული. საერთოდ, ზამთარში ასეთი სამუშაოების ჩატარება არ არის რეკომენდირებული, მაგრამ დროის ფაქტორის გამო, იძულებულები გავხდით. ამიტომ ვერ გაკეთდა ისე, როგორც უნდა გაკეთებულიყო. პროექტში არ იყო ჩასმული ე. წ. "ჟოლობები" _ როდესაც სახურავიდან გადმოსული წყალი პირდაპირ შენობის კედელზე ესხმება, კედელი გარედან სველდება და ნესტი შიგნითაც აღწევს, _ თქვა გია შილაკაძემ.