20 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს” წარმომადგენლები საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის ოფისში, “გურია ნიუსის” ორგანიზებით, იმ მოქალაქეებს შეხვდნენ, რომელთაც საკუთრების უფლებები შეელახათ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს” პროგრამების დირექტორის, ნინა ხატისკაცის თქმით, პროექტის ფარგლებში, ფუნქციონირებს უფასო იურიდიული საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც მოქალაქეთა კერძო საკუთრების უფლებების დაცვას ემსახურება: _ ვფიქრობთ, რომ საკუთრების უფლების შესახებ ინფორმირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იქ, სადაც ახალი ტურისტული ზონებია შექმნილი. გურიის მხარე არის ტურისტული ზონა. თუ მოქალაქეებს პრობლემები შეექმნებათ, უნდა მოგვმართონ, რათა ჩვენმა იურისტებმა კონსულტაციები გაუწიონ. ვაპირებთ ასევე, ჟურნალისტებთან ინტენსიურ თანამშრომლობას _ შეგვიძლია, მათ შევთავაზოთ იურიდიული სერვისი. თავის მხრივ, ჟურნალისტებიც მოგვაწვდიან საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებულ ფაქტებს, _ აღნიშნა შეხვედრაზე ნინა ხატისკაცმა.
საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ კონსულტაცია მიიღო რამდენიმე მოქალაქემ. შეხვედრის ბოლოს, სტუმრებმა კიდევ შეახსენეს საზოგადოებას, რომ 2012 წლის პირველი იანვრიდან, იურიდიული პირი კარგავს სარგებლობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების მოთხოვნის უფლებას და აუცილებელია საკუთრების დროული რეგისტრაცია.
შეხვედრას არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადვოკატები და უშუალოდ დაზარალებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.