"ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანია – დავით სიხარულიძე" 15 ნოემბრიდან სრული დატვირთვით ამოქმედდა. სოფელ ნატანებში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს აგროპროექტების ფარგლებში გასულ წელს განხორციელდა.
ახალი პავილიონის ასაშენებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით 420 ათასი ამერიკული დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტით გამოიყო.
დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელთან გიგა ხარაბაძესთან და მოადგილე ალექსანდრე ყველაშვილთან ერთად ციტრუსის გადამუშავების პროცესს დაესწრო. ქარხანაში მოწყობილია ციტრუსის დამხარისხებელი ესპანური წარმოების ხაზი, რომელიც მანდარინს ზომების მიხედვით ახარისხებს.
მოქმედებაშია სამაცივრე აგრეგატები, რომელთა საშუალებით, გარდა ციტრუსისა, სხვადახვა ხილის საჭირო ტემპერატურაზე შენახვაა შესაძლებელი.
საწარმოში ხარისხიან ციტრუსს 55 თეთრად იბარებენ. მიმდინარეობს ციტრუსის ორ ეტაპად დახარისხება, რეცხვა და შეფუთვა.
როგორც პავილიონის ხელმძღვანელი დავით სიხარულიძე განმარტავს, ქარხანაში 200-მდე ადგილობრივია დასაქმებული. ციტრუსს საექსპორტოდ რუსეთის, უკრაინის და შუა აზიის ბაზრებისთვის ამზადებენ. სეზონის ბოლომდე პავილიონში სულ 5 000 ტონამდე სტანდარტული და არასტანდარტული ციტრუსი გადამუშავედება.
(R)