ე .წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ფრონტისპირა რაიონებში და იმ ტერიტორიებზე, სადაც ომი მიმდინარეობს, იქმნება სამხედრო-საველე სასამართლოები, რომლებსაც უფლება აქვთ, გამოიტანონ სასიკვდილო განაჩენი _ ამ ინფორმაციას "სახალხო რესპუბლიკის" პრესსამსახური ავრცელებს.
"სამხედრო-საველე სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ ექცევა ისეთი საქმეები, როგორებიცაა მეთაურის ბრძანების დაუმორჩილებლობა, შპიონაჟი, სახელმწიფო ღალატი, მკვლელობა, დივერსია, ქონების განზრახვით დაზიანება, მოროდიორობა, ძარცვა, გატაცება, სამხედრო ქონების დაზიანება, დეზერტირობა და სხვა დანაშაულობები", _ ამბობენ პრესსამსახურში.
სამხედრო-საველე სასამართლოების განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში აქამდე ამ სახის სასამართლოები უკვე არსებობდა _ 10 ოქტომბერს, "ნოვოროსიის სახალხო სასამართლომ" ალჩევსკში განიხილა ორი მოძალადის საქმე. მოსამართლეებმა, მოქალაქეებმა და სამხედროებმა, ხელის უბრალო აწევით, ერთ მამაკაცს დახვრეტა მიუსაჯეს, ხოლო მეორე ფრონტის მოწინავე ხაზზე გააგზავნეს.