მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ღიად განაცხადა, მასზე და მის მომხრეებზე შეტევა ხელისუფლებამ შეფარულად თუ ღიად დაიწყო. როგორც “გურია ნიუსს” სანდო წყარომ აცნობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები პირი (სახელს, გვარს და სოფელს შეგნებულად არ ვასახელებთ), პოლიციამ დაკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიბარა, მეტად უჩვეულო მიზეზით: _ საქმე ეხება რამდენიმე წლის წინ, ურეკში მომხდარ ავარიას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილს მოუხდა და რომლის შესახებაც მაშინვე იყო ცნობილი პოლიციისთვის.
ავარიას მოქალაქის დაზიანება მოჰყვა, თუმცა, დაზარალებულს არ უჩივლია, მეორე მხარე ყველანაირად ეპატრონა მას და სადავო და საკამათო არც არაფერი დარჩენილა.
_ რამდენიმე წლის წინ მომხდარი ამ საქმის მოჩხრეკა პოლიციამ და კუდ-მა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, _ ამბობს ჩვენი წყარო. ავარიის თვითმხილველი, რომელიც მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო, იმ დროს, თურმე, ურეკში ერთ-ერთი სავაჭრო ფართის მეპატრონე იყო. ახლა პოლიციამ თავიდან დაიწყო ძიება და ამ ადამიანს სთხოვენ, დაადასტუროს ავარიის ფაქტი.
წყარომ “გურია ნიუსს” ისიც აცნობა, რომ კიდევ მრავალი ადამიანი წაიყვანეს დასაკითხად ბათუმში: _ პოლიციამ გადაწყვიტა, პირი, რომელიც მაშინ ადიკო ივანიშვილის შვილმა დააზიანა ავტოავარიით, ახლა დაკითხოს და მოახდინოს მასზე ზეწოლა, რათა ბიძინა ივანიშვილის შვილს უჩივლოს. მისი მშობლები წაიყვანეს და იძულებული გახადეს, თავიდან დაეწერათ საჩივარი, _ ამბობს ჩვენი წყარო და დასძენს, ამიერიდან, ალბათ, იმ ადამიანებსაც დაიჭერენ, ვინც აკვაპარკ “ციცინათელას” ახლოს გაივლის.
როგორც გვატყობინებენ, ადიკო ივანიშვილის შვილს ამ წუთებში პოლიცია ეძებს.
“გურია ნიუსი” შეეცადა ადიკო ივანიშვილთან დაკავშირებას, მაგრამ მისი ტელეფონი, რომლის ნომერიც ჩვენთვის არის ცნობილი, გამორთულია.