ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს წევრების და გამგებლის ლიტვაში სტუმრობის შემდეგ, ლიტვის დელეგაცია ჩოხატაურს ესტუმრა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩამოსულ სტუმრებს პირველ დღეს ცუდი ამინდი დახვდათ, მასპინძლებმა ძალები არ დაზოგეს და ლიტველებს ჩვენი კულტურა და ტრადიციები საფუძვლიანად გააცნეს.
ძლიერი წვიმის მიუხედავად, ცენტრალურ სტადიონზე დოღი, რაგბი და ბაზიერების შეჯიბრი გაიმართა.
სტუმრების განსაკუთრებული აღფრთოვანება გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ გამოიწვია, რომელიც კინოთეატრ "გურიას" ფოიეში ჩატარდა.
კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა ლიტველებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს. აქვე მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა; გაკეთდა ფელამუში და სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ ჩურჩხელები ამოევლოთ.
საკრებულოს თავმჯომარემ ზაალ მამალაძემ და ფრაქცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელმა, ზვიად მამალაძემ ლიტველებს გურამ ბერძენიშვილის სახელოსნო დაათვალიერებინეს.
ბერძენიშვილის მიერ ხელით ნაკეთებმა სხვადასხვა ნივთებმა სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ლიტვის დელეგაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ირაკლი კუჭავასაც ესტუმრა. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრები დაესწრნენ სპეციალურად მათთვის გამართულ კონცერტს სამუსიკო სკოლაში, რომელსაც შემოწირულობა გადასცეს
_ ლიტველებმა ჩოხატაურის სკოლას ინსტრუმენტის შესაძენად 2000 დოლარი გადასცეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც შესანიშნავი მასპინძლობა გაგვიწიეს ლიტვაში სტუმრობისას. ვეცადეთ, ვალში არ დავრჩენილიყავით. დავათვალიერებინეთ ერკეთის დედათა მონასტერი, თოფურიძის მარანში დავაგემოვნებინეთ თეთრი და შავი ჩხავერი. ვაჩვენეთ, როგორ ცხვება პური თონეში. დაათვალიერეს ბათუმიც. ვიზიტის ბოლოს კი ბავშვების როკჯგუფს მოუსმინეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ, რომელიც პირადად უწევდა მასპინძლობას ლიტვის დელეგაციას.
_ აღფრთოვანებული ვართ ჩოხატაურში სტუმრობით. აქ შესანიშნავი დახვედრა მოგვიწყვეს. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ზაალს, საკრებულოს წევრებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამდენი სითბო გვაჩვენა. ჩოხატაურელების სტუმრობაზე, ანსამბლ "ამაღლების" ნამღერზე ახლაც საუბრობენ ლიტვაში _ დღესაც შეგხვდებიან ქუჩაში ადამიანები, რომლებიც იმ სიმღერებს მღერიან, რაც თქვენებურებმა იმღერეს ჩვენთან, ფესტივალზე. შეგვიძლია გითხრათ, რომ თქვენი ბიჭების სიმღერა იყო ჩვენი ფესტივალის ბრილიანტი. მათი ხმები ახლაც ბევრს ესმის ყურში, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქალაქ პასვალისის მერის მოადგილემ, დელეგაციის წევრმა პოვილას პალჩუნასმა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ქალაქ პასვალისთან რამდენიმე წელია, დამეგობრებულია. ამ მეგობრობის ფარგლებში რამდენიმე ვიზიტი უკვე გაიმართა. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება და ის აუცილებლად ნაყოფიერი იქნება.