დღეს დილით გამოცემამ “Goal.com” კატალონიური „ბარსელონას“ ამჟამინდელ პრეზიდენტთან, ჟოზეფ ბარტომეუსთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.
გამოცემის ჟურნალისტი სხვა თემებთან ერთად დაინტერესდა, უახლოეს მომავალში ბატონი ბარტომეუ კრიშტიანო რონალდოს ყიდვას თუ აპირებს. პორტუგალიელი მოთამაშის თაყვანისმცემლებს „ბარსას“ ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დიდი „შეურაცხყოფა“ მიაყენა.
„მიღებულია აზრი რომ კრიშტიანო რონალდო თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავია. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვეთანხმები. რონალდო ერთი ჩვეულებრივი მოთამაშეა, რომელმაც ბედმა კარგ გუნდში ასპარეზობა არგუნა.
ამ გამონათქვამის გამო არაერთი ოპონენტი გამომიჩნდება. სიმართლეს მოგახსენებთ. ლეო მესის თამაშის შემყურეს, რონალდოს ოსტატობაზე მსჯელობა არ მსურს.
ამჟამინდელი მადრიდის „რეალის“ რიგებიდან „ბარსელონაში“ მხოლოდ ერთ ფეხბურთელს მივიწვევდი. ალბათ მიხვდით რომ საუბარი რონალდოზე არ მაქვს. უფრო მეტიც. კატალონიის დედაქალაქში იკერ კასილიასსაც არ დავპატიჟებდი.
ალბათ გაინტერესებთ ვინ არის ჩემი რჩეული ფეხბურთელი. ამ საიდუმლოს დროებით გულში შევინახავ და საზოგადოებას ერთ მშვენიერ დღეს გავაცნობ.“ – განაცხადა ჟოზეფ ბარტომეუმ.