2015 წელს დაგეგმილი საპენსიო რეფორმა ისევ განსჯის საგანი ხდება. მთავრობის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ჯანდაცვის მინისტრის რეფორმა მარტოხელა პენსიონრებს სოცილური დახმარების გარეშე დატოვებს, დაანონსებული 10-ლარიანი მატება კი, ლარის კურსის ვარდნის გამო, საარსებო მინიმუმს დაახლოების ნაცვლად, კიდევ უფრო შორდება. ქსპერტთა ნაწილს კი მიაჩნია, რომ 10 ლარით პენსიის ზრდა ის მაქიმუმია, რაც დღეს ხელისუფლებას შეუძლია; რეალურად მეტი ტვირთის აწევა, ბიუჯეტის პრობლემების გათვალისწინებით, შეუძლებელია.
"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ დავით სერგეენკოს მორიგი რეფორმა მარტოხელა პენსიონერებს სოციალური დახმარების გარეშე დატოვებს, მარტოხელა პენსიონერს და ცალკე მცხოვრებ პენსიონერ ცოლ-ქმარს კი, სოციალური დახმარება შეუწყდება.
"ჯანდაცვის სამინისტროს საპროგნოზო მონაცემებივე აჩვენებს, რომ სერგეენკოს მიერ ინიცირებული ცვლილებით ქართული ოჯახების ზოგადი სიღარიბე არათუ არ იკლებს, არამედ ოდნავ იმატებს კიდეც. აღსანიშნავია, რომ პენსიის დაანონსებული 10-ლარიანი მატება უკვე შეჭამა ლარის კურსის ვარდნამ და საკვებსა და მედიკამენტებზე ფასების მატებამ, ხოლო პენსიის ოდენობა კი არ დაუახლოვდა, დაშორდა რეალურ საარსებო მინიმუმს. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის 2 წელი ეკონომიკური სტაგნაციით, ინვესტიციების კლებით, სამუშაო ადგილების დაკარგვით და ბიუჯეტის შეუსრულებლობით გავიდა. ამიტომაცაა, რომ მისი მთავრობა ვერ ახერხებს ასწიოს ის სოციალური ტვირთი, რაც ბიუჯეტს დააწვა“, _ აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.
მისივე თქმით, "ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა, რომელიც მიხედვითაც ოჯახების ქულებით შეფასებისას ძირითადი ყურადღება შემოსავალზე გაკეთდება.
"_ სამინისტროს მიერ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ახალი მეთოდოლოგიით ფულად დახმარებას 141,831 ოჯახის ნაცვლად 106,000 ოჯახი მიიღებს. ამ ოჯახებიდანაც ყველა ვეღარ მიიღებს დახმარების იმავე ოდენობას, რასაც ადრე იღებდა. სულზე საშუალო 52 ლარის ნაცვლად, ზოგიერთი ოჯახი სულზე 40 ან 30 ლარს მიიღებს.
იმის გამო, რომ ზედიზედ მეორედ ბიუჯეტს ვერ ასრულებს, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ცდილობს, ფული ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე დაზოგოს“, _ ამბობს ჭიაბერაშვილი.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ასევე შიშობს, რომ, რეცეპტის გაუაზრებლად შემოღების მსგავსად, სერგეენკოს მორიგი რეფორმაც წარუმატებელი აღმოჩნდება. სოციალურად დაუცველ ოჯახებში ბავშვის დანამატის შემოღება უნდა მოხდეს, მაგრამ არა სხვა გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე.
პარტია მინისტრ სერგეენკოსგან მოითხოვს სოციალურად დაუცველთა ბაზაში დღეს მყოფ პენსიონერთა დაცვის სპეციალურ გარანტიებს, აგრეთვე, მარტოხელა პენსიონერთა შინ მოვლის ცალკე პროგრამების შემუშავებასა და ამოქმედებას.
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძე "გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ "ის პირობა, რაც ახალმა მთავრობამ საზოგადოებას მისცა, მხოლოდ ნაწილობრივ არის შესრულებული“ და საპენსიო რეფორმის ავკარგიანობაზე საუბარი ნაადრევია.
"ფორმალურად არის საარსებო მინიმუმთან პენსიის ოდენობა გათანაბრებული, მაგრამ პირობის მეორე ნაწილი, რომ საარსებო მინიმუმის მეთოდიკა გადაიხედებოდა და თანამედროვე სტანდარტებს მიუახლოვდებოდა, არ შესრულდა. ის რასაც დღეს პენსიას ვეძახით, რეალურად პენსია არ არის, ეს არის სოციალური დახმარების ნაირსახეობა. 10 ლარით პენსიის ზრდა კი ის მაქსიმუმია, რაც დღეს შეუძლია ხელისუფლებას, ისიც 2015 წლის ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში. რეალურად მეტი ტვირთის აწევა ბიუჯეტის პრობლემების გათვალისწინებით ხელისუფლებას არ შეუძლია. თუმცა, ეს რამდენიმე მიზეზის გამო ეფექტური ნამდვილად არ არის. 160 ლარიდან 10 ლარით მომატებული პენსია, პრაქტიკულად "შეჭმული“ იქნება ინფლაციის მიერ. რის გამოც, სრულიად შესაძლებელია, რომ 2015 წლის სექტემბერში 160 ლარს გაცილებით ნაკლები რეალური მსყიდველობითი უნარი ჰქონდეს, ვიდრე ეს უნარი 2014 წლის სექტემბერში 150 ლარს ჰქონდა. მაინც მგონია, რომ წმინდა ეკონომიკური, რაციონალური გათვლა და საფუძველი ამ პენსიის მომატებას არა აქვს და ეს პიარის ნაწილია შეპირებული პენსიების გაზრდისა. ხელისუფლება პენსიებს იმიტომ ზრდის, რომ პირობა იყო ასეთი და არა იმიტომ, რომ ეს მისთვის პრიორიტეტია. პრიორიტეტად ამის არსებობის შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა ქმედება უნდა განეხორციელებინა ხელისუფლებას, საპენსიო განაკვეთის ოდენობა პირდაპირ უნდა მიება საარსებო მინიმუმზე, ოღონდ საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგია, რაც ძალიან ბევრ სერიოზულ კითხვის ნიშანს ბადებს, უნდა გადაეხედა“, _ ამბობს კალანდაძე.
მისივე თქმით, "ყველა ექსპერტული გათვლით, დღეს არსებული საარსებო მინიმუმი 220-240 ლარის ფარგლებშია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული ხარვეზები გვაქვს საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიაში, რეალურ მაჩვენებელს სტატისტიკის დეპარტამენტი ვერ აფიქსირებს“.
"_ პრობლემა სხვა რამეა, პრობლემაა ის, რომ პოლიტიკური ნება არა გვაქვს საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიის შეცვლის, ამ თვალსაზრისით უხერხულობები იქმნება.
ხელისუფლებას რომ ეს მეთედოლოგია გადაეხედა და მისთვის ამავდროულად მიება საპენსიო უზრუნველყოფა, ბუნებრივია, საპენსიო განაკვეთის გაზრდა მნიშვნელოვნად მოუწევდათ. ეს, დაახლოებით, 240 ლარამდე იქნებოდა თითოეული პენსიონერისთვის.
იმის გამო, რომ ხელისუფლებას ფინანსური რესურსი არა აქვს, ვერ დაასტაბილურა როგორც შემოსავლების ასე ხარჯების ნაწილში საბიუჯეტო პროცესი, ბუნებრივია, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიიღეს“, _ ამბობს კალანდაძე.
მისივე თქმით, "ანალოგიური პრობლემა ჰქონდა წინა ხელისუფლებასაც. მაშინაც პოლიტიკური ნებელობა არ არსებობდა ამ თემის განხორციელების, შესაბამისად, ვერც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებდა წინა ხელისუფლება. პრაქტიკულად, ეს საპენსიო უზრუნველყოფის თანხების გაორმაგებას გამოიწვევდა. რაც წინა ხელისუფლებამაც ვერ შეძლო“.
რაც შეეხება იმას, საპენსიო რეფორმის განხორციელების შემდეგ დაშორდება თუ არა საარსებო მინიმუმს პენსიის ოდენობა, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია.
"თვითონ საპენსიო რეფორმის შინაარსი უნდა ვიცოდეთ, რაც ცნობილი არ არის. ხელისუფლებამ მხოლოდ დააანონსა, რომ ეს რეფორმა მოხდება და შემოვა ე.წ. დაგროვებითი პენსიის კომპონენტი, თუმცა რას ითვალისწინებს და რა ფინანსური მოდელი იქნება, შემუშავებული, ცნობილი არ არის“, _ ამბობს კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პენსიების თემასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, 27 ნოემბერს ისაუბრა და ის სქემა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის 1 სექტემბრიდან პენსიები 10 ლარით გაიზრდება.
მისი ინფორმაციით, 2013 წელს ასაკით პენსიონერებისთვის პენსია გაიზარდა შესაბამისად 25 და 40 ლარით, მნიშვნელოვნად შშმპ პენსიონერებისათვის 50 ლარით.
თუ ასაკით პენსიონერი არის სოციალურად დაუცველი, ის ასევე იღებს გაორმაგებულ სოციალურ შემწეობას.
წარმოდგენილი სქემის მიხედვით, 2012 წლისათვის საპენსიო გასაცემელი იყო მილიარდზე ნაკლები, 2014 წელს ეს ციფრი გახდა 1. 324,000,000 მილიარდი ლარი, ხოლო 2015 წლისთვის იქნება 1. 390,000,000 მილიარდი ლარი, ანუ, 400 მლნ. ლარამდე ზრდა მოხდა.
"დღეს მიმდინარეობს მუშაობა ახალ საპენსიო რეფორმაზე. ვფიქრობთ, ეს იქნება კარგი სიახლე და ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი მიღწევა. ამ რეფორმის გატარებით ჩვენ შევძლებთ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ პენსიების თემით სპეკულირება და რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარია, პენსიონერებს შევუქმნათ უკეთესი ცხოვრების პირობები", _ აღნიშნა ხუნდაძემ.