პოლიტიკური პარტია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დღეს საქართველოდან უკრაინაში ის ბირთვი მიდის, რომლებსაც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებებიდან მოყოლებული, იქ უზარმაზარი ბიზნესი აქვთ, რომლებიც ამ ბიზნესს აქაც ძალიან კარგად ატრიალებენ და მათ ბიზნესწილებს განსაკუთრებული არაფერი შეხებია.
ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "კავკასია"-ს ეთერში განაცხადა.
"ნაციონალური მოძრაობა" ძალიან სერიოზულად ემზადება. მათ შორის, უკრაინაში მათი ყოფნის მოტივი, საქართველოდან წასვლა ნამდვილად არ არის. ისინი უკრაინაში პლაცდარმს იმისათვის ამზადებენ, რომ საქართველოში დაბრუნდნენ. მე როცა ორი წლის წინ ვამბობდი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გამოცოცხლდება თუ "ქართულმა ოცნებამ" ასე გააგრძელა და მათი მობრუნების შანსიც იქნება-თქო, ძალიან ბევრ ადამიანს ეს უბრალოდ არ სჯეროდა.
დღეს კი, ჩვენ ვხედავთ, რომ მიწასთან გასწორებული "ნაციონალური მოძრაობა" ფეხზე წამოდგა, მთელ საზოგადოებას აქეთ გვიქნევს თითს და ჭკუას გვარიგებს. ასე ვთქვათ, გვაშინებს კიდეც და სააკაშვილმა პირდაპირ გვითხრა, რომ მისი შემდგომი პოლიტიკური გეგმები საქართველოს უკავშირდება",– განაცხადა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ეს ბუნებრივი და ლოგიკურია და ისინი ამას საკმაოდ ეფექტურად აკეთებენ.
"მე უბრალოდ ვამბობ, რამდენად ეფექტურად აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რა მთავარი ამოცანაც მას ქართველმა ხალხმა დაუსახა, როცა 2012 წელს მმართველ ძალად აირჩია", – განაცხადა ბურჯანაძემ.