UNDP/GEF მცირე გრანტების პროგრამის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სოფელ თხინვალის მოსახლეობის აქტიური მხარდაჭერით სათემო კავშირ „იმედის“ მიერ განხორციელდა პროექტი „ბუნებასთან ერთად,“ რომლის პრეზენტაციასაც დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები დაესწრნენ.
როგორც სათემო კავშირის წარმომადგენელმა კობა ცერცვაძემ განმარტა, პროექტის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ფონდის დახმარებით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით სოფელ თხინვალში, მეწყერსაშიშ ზონაში, ეროზიული პროცესის შესაჩერებლად გაბიონები მოეწყო.
_ ეს არის ძველი მეთოდი, რომლითაც რთული რელიეფის მქონე სოფლებში მეწყერული პროცესის შეჩერებაა შესაძლებელი. მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების უმეტესობა მეწყერსაშიშ ზონაშია, ამიტომ მსგავსი პროექტების მხარდაჭერა ჩვენს ინეტერესებშია და მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. ეს იქნება პრევენციული ღონისძიება მცოცავი, მეწყერული ნიადაგების, ასევე ადიდებული მცირე მდინარეების ნაკადის შესაჩერებლად, – აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
(R)