(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ გასულ ორშაბათს, ჩოხატაურში, სოფელ გოგოლესუბნის გზაზე ფეხით მოსიარულე სერგო სელივანოვს გოგოლესუბნის მკვიდრი 35 წლის კაკო სიხარულიძე ავტომანქანა ვაზ 2101-ით დაეხაჯა. თვითმხილველების თქმით, შეჯახება ძალიან ძლიერი იყო და რამდენიმე წუთში მოსულ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს დაშავებული უგონო მდგომარეობაში დახვდათ. შპს “ადითის” ხელმძღვანელის, თემურ კოროშინაძის თქმით, სელივანოვი, საავადმყოფოში მოყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა:
_ სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ტრავმები ჰქონდა. მოყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კოროშინაძემ.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა და ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია. თუმცა, პოლიციაში კომენტარებს არ აკეთებენ.
სერგო სელივანოვი მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის თანამშრომელი იყო.
“გურია ნიუსი” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.