დღეს, საწვრთნელი ბაზა "შევარდენი" დიპლომატიური კორპუსისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, ვეტერან და მოყვარულ მორაგბეებს უმასპინძლებს. ისინი ამხანაგურ მატჩს გამართავენ, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნება.
ღონისძიების ორგანიზატორი გაეროს ქალთა ორგანიზაციაა და იგი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართება.
როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციაში აცხადებებნ, "ამ მატჩით მონაწილეები მხარდაჭერას გამოუცხადებენ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობას გენდერული თანასწორობისთვის HeForShe."
შეგახსენებთ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანია 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.
სოლიდარობის მოძრაობა გენდერული თანასწორობისთვის "HeforShe" გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი ინიციატივაა. ეს არის მოძრაობა გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად და მიზნად ისახავს კაცების მონაწილეობას ქალთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში, რათა მათ მხარი დაუჭირონ და სხვებსაც მოუწოდონ გენდერული თანასწორობის დაცვისკენ.
მოძრაობა HeforShe (კაცები ქალთა უფლებებისთვის) ოფიციალურად გაიხსნა 2014 წლის 20 ოქტომბერს გაერთიანებული ერების შტაბბინაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩის მსახიობი ემა უოტსონის გამოსვლით. მას შეუერთდნენ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, მსახიობები კიფერ საზერლენდი, მეთ დეიმონი და სხვები. საქართველოში მას ხელმოწერით შეუერთდნენ საქართველოს პარლამენტის სპიკერი დავით უსუფაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენელი ნოდარ ანდღულაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და სხვები.