დიპლომატიური კორპუსისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ვეტერანი და მოყვარულ მორაგბეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და რაგბში ამხანაგური მატჩი გამართეს. ღონისძიების ორგანიზატორი გაეროს ქალთა ორგანიზაცია იყო.
მატჩის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობას გენდერული თანასწორობისთვის „HeForShe"-ს რომელიც ახალი ინიციატივაა. ეს არის მოძრაობა გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად და მიზნად ისახავს კაცების მონაწილეობას ქალთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში, რათა მათ მხარი დაუჭირონ და სხვებსაც მოუწოდონ გენდერული თანასწორობის დაცვისკენ.
მოძრაობა HeforShe (კაცები ქალთა უფლებებისთვის) ოფიციალურად გაიხსნა 2014 წლის 20 ოქტომბერს გაერთიანებული ერების შტაბბინაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩის მსახიობი ემა უოტსონის გამოსვლით. მას შეუერთდნენ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, მსახიობები კიფერ საზერლენდი, მეთ დეიმონი და სხვები. საქართველოში მას ხელმოწერით შეუერთდნენ საქართველოს პარლამენტის სპიკერი დავით უსუფაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენელი ნოდარ ანდღულაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და სხვები.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდა.