საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალსა და მოსკოვს შორის შესაძლო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
"ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ სრულიად მოსალოდნელი იყო და ამაზე განცხადებები კეთდებოდა, რომ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება აპირებს ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმებას. რა თქმა უნდა, თიბილოვის დღევანდელი განცხადება არის შემაშფოთებელი და საფრთხის შემცველი. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე დაწყებულია ამაზე მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან. ის, რომ მოსალოდნელია და აფხაზეთის მსგავსი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მოსკოვსა და ცხინვალს შორის, ამაზე საუბარი უკვე მიმდინარეობს ჩვენს მეგობრებთან და ყველა ინფორმირებულია. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ იმას, რომ ეს არის დესტრუქციული განცხადება, როგორც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, ასევე რუსეთიდან", – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
მისივე თქმით, საქართველოს რჩება მხოლოდ ერთი ბერკეტი, ის, რომ მოლაპარაკებების შედეგად მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევა.
ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება.
თიბილოვის განცხადებით, ამ დროისთვის უკვე არსებობს მთელი რიგი წინადადებები მომავალ შეთანხმებასთან დაკავშირებით და ჩატარებულია კონსულტაციები რუს კოლეგებთან, კერძოდ კი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დსთ-ს, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სამმართველოს ხელმძღვანელ ოლეგ გოვორუნთან.