"საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია" "ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასთან" ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით რეგიონული მასშტაბის პროექტს ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში მედიისა და ჟურნალისტების სოლიდარობის ინსტიტუტის განვითარება-გაძლიერებას, დამოუკიდებელი მედია-პროფკავშირების შექმნა-გაძლიერებას.
პროექტის ფარგლებში, ასოციაცია შეხვედრებს მართავს მედიის წარმომადგენლებთან საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონში, რომ შეისწავლოს მედიაში არსებული მდგომარეობა.
ევროკავშირის ამ 3-წლიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები და სხვა ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველ მედიაპროფესიონალებს იყვნენ უკეთ აღჭურვილი საკუთარი უფლებებით.
12 დეკემბერს მათ შეხვედრა ოზურგეთში, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ, ევროკავშირის პროექტის კოორდინატორი საქართველოში გენო ჯოხიძე, საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის პრეზიდენტი – ზვიად ფოჩხუა, პროექტის ექსპერტი რამაზ სამხარაძე და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.
აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილე მედიის წარმომადგენლები შერჩევის გზით აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ტრენინგში და ღონისძიებაში, რომელსაც მედიაპროფკავშირი დაგეგმავს.