საყდრისში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:
_ საყდრისის ოქროს საბადოს, უძველესი ქართული კულტურული, ოქროს საწმისის ეპოქის ფასდაუდებელი მატერიალური ძეგლის ბარბაროსული აფეთქება ძალიან მძიმე დარტყმაა ქართულ კულტურასა და ასევე მსოფლიო მემკვიდრეობაზე. რუსი მფლობელების მოთხოვნას და ვინმე უჩას, ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის სიხარბეს შეეწირა ჩვენი ისტორიული სიმდიდრე, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში, ქვეყნისთვის ბარაქა და სახელი უნდა მოეტანა, მოეზიდა ტურისტები.
ის რაც შევარდნაძის დროს მამალაძემაც კი ვერ გაბედა და ჩემი პრეზიდენტობის დროს, რა თქმა უნდა, საერთოდ წარმოუდგენელი იყო, ერთი ოლიგარქის ახირებამ და მისი ნათესავების მატერიალურმა დაინტერესებამ შეიწირა. თალიბების მიერ კლდეში გამოკვეთილი ბუდების აფეთქების შემდეგ ვერ ვიხსენებ ამ დონის ვანდალიზმს მსოფლიოში.
ეს არის პირდაპირი შედეგი კორუფციის, უპასუხისმგებლობისა და უმეცრების, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო იკიდებს, ფეხს ყველა მიმართულებით.
მოვუწოდებ ყველას ვისაც ეს ეხება, ახლა მაინც, შეაჩერებინონ უკანონო სამუშაოები, რათა ის მაინც გადავარჩინოთ, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, _ აღნიშნულია სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "არემჯიმ" საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები გუშინ განაახლა.