"არემჯის განცხადებაზე უფრო მეტად ცინიკური ის არის, რომ საყდრისის ნგრევის შემდეგ ამ სამინისტროს კვლავ კულტურის სამინისტრო ერქმევა" _ ასე ეხმაურება საყრდისში განვითარებულ მოვლენებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე.
_ ახლა საქართველოში არ ვარ და მინდა მოკლედ ვთქვა საყდრისში განვითარებულ ამბებზე ჩემი პირადი პოზიცია.
მივმართავ კომპანია არემჯის, კულტურის სამინისტროს და ხელისუფლების იმ უწყებებს და პირებს ვინც პირდაპირ თუ ირიბად ჩართულია საყდრისის ნგრევის საქმეში. ამხანაგებო, გილოცავთ, თქვენ გაიმარჯვეთ!!!
მაგრამ მე ერთი რამე ვერ გავიგე: ბოდიში მომითხოვია და თუ გინდოდათ, რომ ფეხებზე დაგეკიდებინათ საქართველოს კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებები, უცხოელი თუ ქართველი მეცნიერების მოსაზრებები, კვლევები, რატომ დაკარგეთ ძვირფასი დრო და საყდრისი აქამდე რატომ არ დაანგრიეთ?! დრო ხომ ფულია?!
საქართველოში შვეიცარიის ელჩი გამახსენდა, ბატონი გიუნტერი… რა თემაზეც არ უნდა მქონოდა მასთან შეხვედრა, პირველი კითხვა ყოველთვის იყო: რა ხდება საყდრისში. მახსოვს როგორ გაუხარდა, როცა ვუთხარი, რომ სასამართლოს მეშვეობით ნგრევა შევაჩერეთ. იგივეს ვიტყვი ევროკავშირის კულტურის ატაშეზე. გულდასაწყვეტია, რომ ზოგჯერ ჩვენს მეგობარ ევროპელებს ჩვენზე მეტად შესტკივათ გული ქართულ საქმეზე. თუმცა, საყდრისი მხოლოდ ქართული საქმე არ იყო…
ცინიზმის კლასიკაა, არემჯის განცხადების ფრთიანი ფრაზები, რომ ვითომ საყდრისის ნგრევთ არემჯიმ "მთლიანად სახელმწიფოს აარიდა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები და სოციალური აფეთქების საშიშროება".
კულტურის სამინისტრო… კულტურის!!! არემჯის განცხადებაზე უფრო მეტად ცინიკური ის არის, რომ საყდრისის ნგრევის შემდეგ ამ სამინისტროს კვლავ კულტურის სამინისტრო ერქმევა (მომიტევონ აქ დასაქმებულმა ადამიანებმა, ვისაც საყდრისის ნგრევის საქმეში წვლილი არ შეუტანიათ. თუმცა, ვფიქრობ, მათაც უნდა ჰქონდეთ პროტესტი ამ ყველაფერზე).
მინდა, მადლობა ვუთხრა იმ საოცარ ადამიანებს, ვინც დღემდე (თითქმის 1 წელია) სიცივეში, სიცხეში, წვიმაში, ტურების კივილში ღამეებს ათენებდნენ კარვებში საყდრისთან. წარმომიდგენია რა მდგომარეობაში არიან ახლა ისინი… ცუდია, რომ ასეთები ცოტანი არიან. ცხადია, ვითომ კულტურის სამინისტროს, არემჯის, სხვადასხვა სახელისუფლებო უწყებებს დამსახურებას ვერ დავუკარგავთ, მაგრამ, ალბათ, საყდრისი ყველაზე მეტად საზოგადოების არასათანადო აქტიურობამ დაანგრია, _ წერს კოჟორიძე სოციალურ ქსელში.