10 დეკემბერს, წესისამებრ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამგეობამ ხელმეორედ შეიტანა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი. მასში დეპუტატებისა და საზოგადოების მიერ გამოთქმული შენიშვნები შეძლებისდაგვარდაა ასახული და ისეა წარდგენილი საკანონმდებლო ორგანოში.
მთლიანობაში, ბიუჯეტი 7 მილიონ ლარამდე განისაზღვრა. ცვლილებებს რაც შეეხება _ დეპუტატთა უმეტეს ნაწილს, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დაფინანსების ზრდის სურვილი ჰქონდა და იგი 160 ათასი ლარით გახორციელდა კიდეც. გაიზარდა სპორტისა და კულტურის ცენტრების დაფინანსებაც _ შესაბამისად, 70 ათასითა და 30 ათასი ლარით. ასევე, ბიუჯეტში გათვალისწინებულია წინა წლების დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო აღსრულების ფონდის შექმნა, რასაც რამდენიმე დეპუტატი კატეგორიულად ითხოვდა. ამ კუთხით 35 ათასი ლარი აისახა პროექტში.
რაც შეეხება კლებას, ამ მხრივ დაზარალდა საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის "გურია", რომელსაც 35 ათასი ლარით ნაკლები თანხით მოუწევს მომავალ წელს ფონს გასვლა.
საკრებულოს დეპუტატებს უახლოეს დღეებში ჯერ ბიუროზე, ხოლო შემდეგ კომისიებში მოუხდებათ ახალი პროექტის ავკარგიანობაზე მსჯელობა და შემდგომ საკრებულოს მორიგ სხდომაზე მისი დამტკიცება. ეს პროცედურები კი აუცილებლად წლის ბოლომდე უნდა ჩატარდეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved