"გურია ნიუსი" არაერთხელ წერდა საჯარო მოხელეთა მიერ შევსებული ავტობიოგრაფიებისა თუ იმ დოკუმენტების შესახებ, რომლებშიც უამრავი გრამატიკული თუ შინაარსობრივი შეცდომაა დაშვებული.
ამჟამად ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათი, რომლის ადრესატიც მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე გახლდათ. პირველ რიგში, თვალში საცემია მოხსენებითი ბარათის ვიზუალური მხარე. უბრალოდ, მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ სიტყვებს შორის მანძილის დაცვა წერისთვის აუცილებელი პირობაა, რაც არათუ ბარათში, არამედ, ე.წ. ტიტულზეც კი უგულებელყოფილია.
გარდა ამ ერთი შეხედვით უწყინარი შეცდომისა, წერილის ავტორი სასვენ ნიშნებთანაც მწყრალად უნდა იყოს _ წერილში საუბარია ლანჩხუთის "გურიაზე". წესით, ბრჭალებში მხოლოდ "გურია" უნდა ჩაისვას, ბარათში კი ლანჩხუთიც და გურიაც, რატომღაც, ბრჭყალებშია მოთავსებული. ასევე, მართებულია ვკითხულობდეთ _ "საწვრთნელი შეკრება გაიარა დაბა ურეკში, სასტუმრო "ბერმუხაში", მოხსენებით ბარათში კი _ "საწვრთნელი შეკრება გაიარა დაბა ურეკში სასტუმრო: "ბერმუხა"-ში". აქ შინაარსი მაინც გასაგებია, რასაც ვერ ვიტყვით ამ კონკრეტულ შემთხვევაში: "თუ თანხა არ იქნა გადახდილი, კლუბს შეუწყდება მოსახლეობა, რის გამოც იძულებული იქნებიან გამოეთიშონ ჩემპიონატს". აქაც მიხვდებით, რომ მოხსენებითი ბარათის ავტორს გრამატიკული რიცხვი აერია, მაგრამ ამ ყველაფერთან მოსახლეობა რა შუაშია, ნამდვილად გაუგებარია.
ალბათ, იტყვით, შეცდომებისგან არავინაა დაზღვეულიო, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მოხსენებით ბარათს სამსახურის უფროსი აწერს ხელს და მუნიციპალიტეტის პირველი პირისთვისაა განკუთვნილი.
ამ ბარათისადმი განსაკუთრებული ყურადღება საზოგადოების ნაწილში გავრცელებულმა მოსაზრებამ განაპირობა, რომ ზოგისთვის სამსახურის უფროსობა ერთგვარი იმუნიტეტია ტესტირებისგან თავის ასარიდებლად და თანამდებობის შესანარჩუნებლად.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved