(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის გამგეობის აგრობიზნესცენტრ “ლანჩხუთის” ორგანიზებით, კომპანია “ბრეტის” გენერალური დირექტორი გიორგი კეპაშვილი მუნიციპალიტეტში თაფლის წარმოებით დაკავებულ მეწარმეებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე და გამგებლის მოადგილე გიორგი ჭყონია.
“ბრეტის” გენერალური დირექტორის თქმით, კომპანიის ამოცანაა, ხელი შეუწყოს მეფუტკრეობის განვითარებას საქართველოში. ქვეყანაში წარმოებული თაფლი რომ იყოს მაღალი ხარისხის, აუცილებელია საფუტკრე მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეესაბამებოდეს სტანდარტებს. ამიტომ აუცილებელია ბაზის განახლება ახალი ტექნოლოგიებით და თანამედროვე სამუშაო მეთოდების დანერგვა.
კომპანია თანამშრომლობს ფრანგულ და გერმანულ კომპანიებთან. სწორედ უცხოური წარმოების დანადგარებით ხდება ევროპული ხარისხის სტანდარტული სხვადასხვა ტიპის და მოდელის სკების წარმოება.
კომპანია თანამშრომლობს მხოლოდ იმ მეფუტკრეებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ არსებული საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს, ნედლეულის შემოწმება კი ხდება კომპანიის საწარმო ლაბორატორიაში.
გიორგი კეპაშვილმა შესთავაზა ლანჩხუთელ მეფუტკრეებს, რომ შექმნან ამხანაგობა ან კავშირი, რომელიც ითანამშრომლებს მათ ორგანიზაციასთან: _ ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ჩვენი მეფუტკრეების საფუტკრე მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას, ამით თაფლის წარმოების ხარისხი გაიზრდება, პროდუქცია სტაბილურად გაიყიდება, _ თქვა კეპაშვილმა.