"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომელიც "საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემისა და საქართველოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯებისა და პასუხისმგებლობების გადაცემის შეთანხმების შესაბამისად, ერთიანი ლაბორატორიული სისტემისთვის განკუთვნილი საქონლის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
პროექტი მესამე მოსმენით განხილვისთვის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით ლომიძემ წარადგინა.
მისი ინფორმაციით, კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები არ გავრცელდება შეთანხმების ფარგლებში ერთიანი ლაბორატორიული სისტემისთვის განკუთვნილი საქონლის სახელმწიფო შესყიდვებზე, ხოლო საქონლის ჩამონათვალი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. სხდომაზე, კანონპროექტთან დაკავშირებით, შენიშვნები არ გამოთქმულა. კენჭისყრის შედეგად, კომიტეტის წევრებმა ცვლილებას მხარი დაუჭირეს.