(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში, 8 წლის წინ ცეცხლი გაუჩნდა იმ დროისთვის მოქმედი საშუალო სკოლის სამსართულიან შენობას. ფაქტის შესახებ სოფლიდან სასწრაფოდ შეატყობინეს რაიონის ხელმძღვანელობას. ქალაქიდან ამოვიდა სახანძრო მანქანა, რომელსაც საწვავიც არ ჰქონდა და სკოლის დირექტორმა ჩაუსხა. მეხანძრეებმა სკოლის აუზიდან ამოიღეს წყალი და ცეცხლმოდებულ სკოლას მიეშველნენ. ცეცხლი ჩაქრობის პირას იყო მისული, მაგრამ სახანძრო მანქანას წყალი გაუთავდა, შევსება კი ვერ მოხერხდა. მეხანძრეებმა ხანძარი ვერ ჩააქრეს და წავიდნენ, შენობა კი 3-4 დღის განმავლობაში იწვოდა, თუმცა, იმ დროს ხელისუფლება ამაზე არ წუხდა.
მას შემდეგ, ასე ნანგრევებად ქცეული დგას ყოფილი სკოლის შენობა. ყოველ წელს ასკანობაზე აქ უამრავი სტუმარი ჩამოდის და უბადრუკი, ჩამონგრეული შენობის ცქერა საშინელ ასოციაციას აღძრავს.
აღსანიშნავია, რომ შენობის გასხვისების უფლებას არავის აძლევენ. იმასაც ამბობენ, რომ ასკანაში საერთოდ გაუქმდება სკოლა და ბახვში გადავა, რაც ადგილობრივ მკვიდრთ დაუშვებლად მიაჩნიათ.