საქართველოს ყოფილი კულტურის მინისტრი ნიკა რურუა საკუთარი "ფეისბუქის“ გვერდზე ტერმინ "პროქართულის" მნიშვნელობაზე წერს:
"მაესტროს" ჟურნალისტების სამსახურიდან მასობრივი გამოშვების ერთ-ერთ მიზეზად ამ არხის ახალი იდეოლოგიის – "პროქართული" იდეოლოგიის დანერგვა მოიშველია არხის მფლობელმა.
მინდა მკაფიოდ განვმარტო ტერმინი "პროქართული" ელემენტარული კრიტიკული აზროვნების მოშველიებით.
რუსებს საბჭოთა დროიდან დიპლომატიაში ჰქონდათ ასეთი ფანდი – ისინი მოწინააღმდეგეს იმას აბრალებდნენ, რასაც თვითონვე აშავებდნენ, და ამით მსოფლიოს ეუბნებოდნენ, რომ "მე თუ ცუდი ვარ, ისიც ჩემნაირია. ყოველშემთხვევაში, ბევრად უკეთესი არაა". ანუ, იმას ვერ ბედავდნენ, რომ ეთქვად, რომ ჩვენ უკეთესი ხალხი ვართ და ამიტომ თავისუფალ სამყაროს მაქსიმალურად 'იახლოვებდნენ' სიცუდეში ცილისწამების კამპანიებით.
დღევანდელ საქართველოშიც, როდესაც მესმის სიტყვა "პროქართული", ვხვდები მის კონოტაციასაც, რას სიტყვასიტყვით ასე იშიფრება: "მე არც რუსეთი მინდა და არც დასავლეთი. მე პრო-ქართველი ვარ" – ვითომ რუსეთი და დასავლეთი (ევროპა-ამერიკა) იგივე იყოს, რაც რუსეთია. ეს ფანდიც ძველი საბჭოთა ზემოთმოყვანილი ფანდის მახინჯი მუტაციაა.
სინამდვილეში ეს სწორედ ისაა, რაც რუსეთს ჩვენგან უნდა: ჩვენი ფსევდო "პრო-ქართველობა", რაც ერთ რამეს – დასავლეთის ჩვენგან გაუცხოებას გულისხმობს. ამიტომ ეს ყბადაღებული "პრო-ქართველობა" სინამდვილეში ერთ რამეს ნიშნავს – პრორუსულობას. და იცოდეთ, რომ ყველა, ვინც "პროქართველობას" დაიბრალებს ხმამაღლა, ის სინამდვილეში პრორუსია და პუტინზე მუშაობს",_ წერს რურუა საკუთარ "ფეისბუქზე“.