დღეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG Gold-ის თანამშომლების საპროტესტო აქცია გაიმართა.
ისინი პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა გიორგი მარგველაშვილი მათ არ შეხვედრია. მოგვიანებით, მუშების აქციამ საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლა, სადაც მათ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის თანამშრომლები შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კომპანიაში დასაქმებულ პირებთან და კაზრეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხა, რომ "საქართველოს მთავრობა RMG Gold-ის თანამშრომელთა და დაბა კაზრეთის მოსახლეობის მოთხოვნებს საფუძვლიანად გაეცნობა და გადაწყვეტილებას ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღებს".
მაია ცქიტიშვილი აქციის მონაწილეების მოთხოვნებს პირადად გაეცნო და RMG GOLD-ის თანამშრომელთა პოზიციაც მოისმინა.
მათი ინფორმაციით, სამუშაოების შეჩერების შემთხვევაში, შემოსავლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ. ადგილობრივებმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს მხარდაჭერა სთხოვეს და განაცხადეს, რომ შექმნილ პოლიტიკურ ფონს, მათი ოჯახების საარსებო წყარო არ უნდა შეეწიროს.
"ჩვენ ამ საკითხს უფრო დეტალურად გავეცნობით. ამ ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობა კომპანიისთვის სამუშაოების წარმოების უფლების გახანგრძლივებას ითხოვს, რაც მთავრობის გადასაწყვეტია. მთავრობა ამ თემაზე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა იმ მხარის პოზიციას, რომელიც ამ საკითხის გარშემო მსჯელობს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში", _ განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.