(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთელებმა სათბობი შეშის დამზადებასთან დაკავშირებით დეტალების გარკვევა გვთხოვეს. როგორც “გურია ნიუსს” გურიის სატყეო სამმართველოში რამდენიმე დღის წინ უთხრეს, “რეგიონში სამრეწველო გამოყენების მიზნით არის გამოყოფილი ტყის ტერიტორია. ყველაზე დიდი ტყის მასივი ლანჩხუთის რაიონშია _ 7 385 ჰა, ჩოხატაურში _ 6 351 ჰა, ოზურგეთში კი _ 3 132 ჰა. გუბერნატორის მიერ, შეჭირვებული ოჯახებისთვის დამატებით გამოყოფილია სამასალე მერქანი, დაახლოებით, 1 200 კუბურ მეტრამდე. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში თხმელას პირწმინდად ჭრის უფლება აქვთ. 3-4 თვეში რომ ნახოთ, დარწმუნდებით, რომ მალე იზრდება ეს ხე, არც კი ემჩნევა, რომ ხეები მოიჭრა. იჭრება ისეთი ხეები, რომელიც ხელს უშლის პატარა ხეებს ამოსვლასა და გაზრდაში. სატყეო სამმართველოს თანამშრომლები გადიან ტყის მასივში და მუშაობენ. საკუთარ ნაკვეთში მოჭრისას საჭიროა რწმუნებულის დასტური, სპეციალური დოკუმენტი. თუ მოქალაქეს სახერხზე უნდა წაღება, რწმუნებულმა უნდა მისცეს საბუთი, რომ მოჭრილია საკარმიდამო ნაკვეთში და სჭირდება სამასალედ, პირადი მოხმარებისთვის და სოფლის რწმუნებულის დასტურით უნდა მიიტანოს რეგისტრირებულ სახერხზე. რაც შეეხება საშეშე მერქანს, მას უნდა ეტყობოდეს, რომ ნამდვილად საშეშეა”.
ჩვენ ლანჩხუთის სატყეო სამმართველოს უფროსს, გიორგი ჩახვაძეს დავუკავშირდით:
_ მოსახლეობას აინტერესებს, როგორ უნდა მოიქცეს, თუ სათბობი შეშის დამზადება სურს?
_ ამისთვის პიროვნება უნდა მივიდეს “ლიბერთი ბანკის” ფილიალში, სადაც უკვე ამოქმედდა ბაზა და ოპერატორი სოფლის შესაბამისად მიუნიშნებს, თუ რომელ ტყეკაფში უნდა შევიდეს შეშის მოსაჭრელად.
_ როგორია ფასები?
_ 1 კუბური მეტრი შეშის მოჭრა 5 ლარი ღირს, ეს თხმელას შემთხვევაში. ასევე გვაქვს ტყეკაფები, სადაც არის რცხილა, აკაცია, წიფელა… 1 კუბ. მეტრის დამზადება 6 ლარი ღირს.
_ ქალაქის მოსახლეობისთვის სად არის ტყეკაფი გამოყოფილი?
_ ბაკურსა და ე. წ. სკურჩუბაში. უნდა გითხრათ, რომ სახელმწიფო იწყებს ტყეში მისასვლელი გზების გაკეთებას. წელს პირველად მოხდა ეს და სკურჩუბასთან მისასვლელი გზა გაკეთებულია, რითაც მოსახლეობას შეშის ტრანსპორტირება გაუიოლდება.
_ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, რომელთაც სამასალე მერქნის დამზადება სურთ და როგორია ფასები ამ შემთხვევაში?
_ გამგეობის პირველ სართულზე, კანცელარიაში უნდა შეიტანონ განცხადება გუბერნატორის სახელზე. როცა ჩამოვა პასუხი, ბანკში უნდა აიღონ ქვითარი _ 1 კუბურ მეტრზე გადასახადი 9 ლარია.