(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში “ლანჩხუთის აგრობიზნეს-ცენტრმა”, სოფლის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულებთან და კონსტანტა-ბანკის წარმომადგენელთან ერთად საქმიანი შეხვედრა გამართა. ცენტრის ხელმძღვანელმა, გელა ზოიძემ საკითხები დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, 30 წლამდე ახალგაზრდები სამექანიზაციო სწავლების კურსს გაივლიან. პროექტის ფარგლებში, გურიის სამივე რაიონიდან 5-5 ახალგაზრდა შეირჩა, რომელიც კაჭრეთში სამექანიზაციო სწავლებაში ჩაერთვება, კვალიფიცირებული მექანიზატორები ადგილზე დასაქმდებიან, თუმცა, მანამდე მსურველებმა ქალაქ ფოთში, შესარჩევ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, სადაც წარმოდგენილი იყო რაიონის მასშტაბით 15 კონკურსანტი. შეხვედრაზე აგრობიზნეს-ცენტრმა სოფლის წარმომადგენლებს საქმიანი ბიზნეს-წინადადება შესთავაზა _ ლანჩხუთში სტუმრად მყოფი უკრაინული დელეგაცია მზად არის, ლანჩხუთელი ფერმერები სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყონ. სასოფლო-სამეურნეო სესხი (დაბალი საპროცენტო გადასახადით _ 1-1,5%), შუამავალი ორგანიზაციის ანგარიშზე ჩაირიცხება და ბანკი ფერმერებს მისაღებ პირობებს შესთავაზებს.
_ პირველ ეტაპზე მოხდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, 16 ტრაქტორის შემოტანა, თავისი მისაბმელებით და სათადარიგო ნაწილებით. ჩვენ შევხვდით ბანკების წარმომადგენლებს, რომლებიც ფერმერებს შესთავაზებს შეღავათიან სესხს. ყველაზე იაფიანი არის 24 ცხენისძალიანი, ორხიდიანი, 3 ცილინდრიანი ტრაქტორები. მხოლოდ ტრაქტორი 6000 დოლარამდე ღირს, მისაბმელებით და სხვა ნაწილებით კი 10000 დოლარამდეა. ლანჩხუთში შეიქმნება სერვისცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება სათადარიგო ნაწილების შეძენა, _ ამბობს ქალაქ ნოვაკახოვკას დეპუტატი იგორ ლიტვინი.
მის გარდა, ლანჩხუთში ნოვაკახოვკას ქალაქის საბჭოს დეპუტატი სერგეი კრამჩანინი იმყოფება. სტუმრები მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გოგუაძეს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ზვიად აფხაზავას შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე ესაუბრნენ.