ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, მდინარე ბახვისწყლის სათავესთან, კურორტ ბახმაროდან 20 კილომეტრში, 4 ახალგაზრდა გუშინ დილით დაიკარგა. როგორც გვითხრეს, ახალგაზრდები ზოტიყელში ხულოს მუნიციპალიტეტიდან გადმოვიდნენ. წუხელ, სამი მათგანი კონტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა. ერთ-ერთის ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია.
_ დაგვეკონტაქტენ და გვითხრეს, რომ თავს ე.წ. ნალიას აფარებენ და გადაადგილებას ვერ ახერხებენ. მეტს ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ ის ვიცით, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა დაკარგულია, _ გვითხრეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში, საიდანაც ახალგაზრდების დასახმარებლად რამდენიმე ადამიანია წასული.
ამ დილით ზოტიყელში გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებიც წავიდნენ. ძლიერი თოვის გამო საძიებო პროცესში ვერ ხერხდება ვერტმფრენის ჩართვა.
ჩვენი ინფორმაციით, ზოტიყელში თოვლის საფარი 4 მეტრს აღემატება.