ზამთრის შესვენების შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრის სამზადისი რამდენიმე ქართულმა კლუბმა უკვე დაიწყო, რასაც ვერ ვიტყვით ლანჩხუთის "გურიაზე", რომლის ირგვლივ ჯერჯერობით სრული გაურკვევლობაა, დრო კი არ ითმენს.
როგორც კლუბის დირექტორთან, გოგი ფაცურიასთან საუბრისას გაირკვა, "გურიას" ფეხბურთელთა უმეტეს ნაწილს კონტრაქტი დაუმთავრდა.
"სამწვრთნელო შტაბი აქტიურად მუშაობს როგორც ძველი შემადგენლობიდან ნაწილი ფეხბურთელების შენარჩუნების კუთხით, ასევე ახალი კადრების მოზიდვაზე. ამ ეტაპზე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით.
მოგეხსენებათ, ეს ის პერიოდია, როცა ფეხბურთელს რამდენიმე შემოთავაზება აქვს სხვადასხვა კლუბებიდან და მიდის ჩვეულებრივი ვაჭრობა მხარეებისთვის სასურველი და მისაღები პირობების მისაღწევად. ცვლილებებს აუცილებლად უნდა ველოდოთ და სასურველი ფეხბურთელების მოსაზიდად მარტო მონდომება არ შველის, ფინანსები თამაშობს მთავარ როლს", -აცხადებს ფაცურია.
უშუალოდ გუნდის დაკომპლექტება ერთია, მაგრამ მეორე საქმეა თავად შეკრებილი გუნდი სად გაივლის მოსამზადებელ პერიოდს. ფაცურიას თქმით, სიახლე აქ არ იქნება და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ გუნდი კვლავინდებურად დაბა ურეკის ერთ-ერთ სასტუმროში დაიდებს ბინას და ვარჯიშებს გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზაზე გაივლის.
"რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ ტენდერს სასტუმროს თაობაზე და მისი დასრულების შემდეგ გვეცოდინება კონკრეტულად რომელ სასტუმროში განთავსდება გუნდი. სურვილი კი გვქონდა გრიგოლეთის ბაზაზე დავბინავებულიყავით, მაგრამ ამ ეტაპზე იქ მხოლოდ სავარჯიშო პირობებია შექმნილი. ამ დღეებში გამგებელთან შეხვედრას ვგეგმავთ და ყველა დეტალს იქ გავივლით" – დასძინა ბატონმა გოგიმ.