შავი ზღვის ქაფშიის ჯოგების საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლამ, თურქული თევზის მრეწველობა მძიმე დღეში ჩააგდო. ქაფშიის საცალო ფასის ზრდამ თევზის სხვა სახეობების გაძვირებაც გამოიწვია.
სამაგიეროდ ბოლო წლებში პირველად არნახულ შედეგებს მიაღწიეს ქართველმა მებადურეებმა, რომლებმაც მხოლოდ გასული წლის დეკემბერში 17 ათასი ტონა ქაფშიის მოპოვება შეძლეს.
მიმდინარე წელს გარემოს დაცვის სამინისტროს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 85 ათასი ტონა ქაფშიის მოპოვებაზე აქვს ლიცენზია გაცემული. თუმცა, შესაძლოა სეზონის დასრულებამდე ანუ აპრილის თვემდე მებადურეებმა კვოტის გაზრდა მოითხოვონ.
იხტიოლოგ არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით, დღეისათვის სრული დატვირთვით მუშაობს ფოთში არსებული თევზის გადამამუშავებელი ოთხივე ქარხანა, რომლებიც თვზის ფქვილსა და ზეთს აწარმოებენ.
სულ საქართველოში ამ დროისათვის 7 ლიცენზიატი კომპანიაა, რომლებსაც თევზის რეწვისათვის ძირითადად თურქული სეინერები ჰყავთ შემოყვანილი.
საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ქაფშიის მარაგით თურქეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა, თუმცა, წელს ეს ბალანსი დაირღვა. თურქეთის სინოპ-კასტამონუს წყლის რესურსების კოოპერატივების ასოციიაციის თავმჯდომარის ალი ბარაქლის განცხადებით, წელს თურქეთში ქაფშიის სეზონი ძალიან მოკლე აღმოჩნდა და ქაფშიის ჯოგებმა ტერიტორიული წყლები ადრე დატოვა. რის გამოც, ამ სფეროს უდიდესი ზარალი მიადგა.