dw.com-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში კეიტ კელოგმა შაბათს, 15 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვერ ხედავს ევროპელ წარმომადგენლებს, როგორც უშუალო მონაწილეებს უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში.
ამასთან, კელოგი ირწმუნება, რომ ევროპის ინტერესები გათვალისწინებული იქნება.
ამერიკელი გენერლის თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან „უკრაინელები, რუსები და, რა თქმა უნდა, ამერიკელები“ იქნებიან, _ იუწყება Associated Press.
ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ეს პოზიცია იმით ახსნა, რომ შეერთებულ შტატებს სურს კონფლიქტის მოგვარების დროს მინსკის ფორმატის დროს შექმნილი პრობლემების თავიდან აცილება, როცა მოლაპარაკებებში ძალიან ბევრი მონაწილე იყო ჩართული, რომლებსაც რეალური გავლენა არ ჰქონდათ სამშვიდობო პროცესზე.
”ჩვენ არ ვაპირებთ ამ გზით წასვლას”, – თქვა კელოგმა.
ამასთან, კიტ კელოგმა აღნიშნა, რომ „აუცილებელია უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველყოფა“ და „ევროპული ალიანსი ამაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს“.
კელოგის სიტყვებზე საპასუხოდ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია მალმერ სტენერგარდმა განაცხადა, რომ ევროპის წარმომადგენლები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იყვნენ, თუ მათ უკრაინაში ჯარების გაგზავნას მოელიან.