"გავგიჟდები კიდევ!!! ვულოცავ ჩემ არაჩვეულებრივ ჯგუფის წევრებს! ვულოცავ ქართულ კინოს!“, _ ასე გამოეხმაურა ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე თავისი ფილმის – "მანდარინების" "ოსკარის“ ნომინაციაში დასახელებას, თუმცა, მანამდე რეჟისორი ფიქრობდა, რომ ფილმს თავისი წარმატება უკვე მიღწეული ჰქონდა და "ოსკარის“ აღება მისთვის ნაკლებად წარმოსადგენი იყო.
"გურია ნიუსი“ ზაზა ურუშაძეს დეკემბრის ბოლოს ესაუბრა, რომელიც ამბობდა, რომ "ოსკარზე“ ფილების "შორტ ლისტში“ ორი ქართველი რეჟისორის გვარის მოხვედრა ქვეყნისთვის უკვე დიდი წარმატებაა.
"ფილმი უკვე წარმატებულია, რადგან 9 საუკეთესო ფილმს შორის არის შესული. ორი ქართული გვარი ამ შორტ ლისტში არასოდეს ყოფილა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, _ ამბობდა ურუშაძე.
რაც შეეხება კითხვას, ხომ არ იმოქმედებს ფილმის გამარჯვებაზე პოლიტიკური პროცესები, რეჟისორმა გვიპასუხა:
"არ მიმაჩნია, რომ პოლიტიკა ფილმის წარმატებაზე მოქმედებს, რადგან "მანდარინები“ "ოსკარზე“ წარდგენამდე "ოქროს გლობუსის“ ნომინანტი გახდა და ხუთეულში შევიდა. სადაც ფილმებს ხმას "ჰოლივუდის“ კინოკრიტიკოსთა ასოციაცია აძლევს.
რაც შეეხება "ოსკარებს“, აქ აკადემიის წევრები აძლევენ ხმას იმ ფილმს, რომელიც მათ მიაჩნიათ კარგ ფილმად და პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია. ანუ ვფიქრობ, რომ პოლიტიკაზე საუბარი ზედმეტია“, _ განაცხადა ურუშაძემ.
მისივე თქმით, რაც შეეხება ფილმის წარდგენას, რატომ წარადგინა ის ესტონეთმა და არა საქართველომ, ურუშაძე განმარტავს, რომ ფილმის მთავარი დამფინანსებელი ესტონური მხარე იყო, ესტონელი იყო მისი პროდიუსერიც, შესაბამისად, "ოსკარის“ აღების შემთხვევაში პრიზი მათი იქნება.
"ღმერთმაც ჰქნას, რომ ქვეყანში გამარჯვებულები დავბრუნდეთ, მაგრამ ეს უკვე წარმატებაა რასაც მივაღწიეთ. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ "ოსკარს“ ან "გლობუსს“ ავიღებ“, _ უთხრა "გურია ნიუსს“ ურუშაძემ.