საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა რეზიდენციაში მიღება გამართა, სადაც ქალთა უფლებების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, დიპლომატებს, ქალ დეპუტატებს, მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა, ღონისძიებას ასევე დაესწრო სახალხო დამცველი.
სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ყველა წამოწყებას, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვის, მათი როლის გაზრდისა და გააქტიურებისაკენ იქნება მიმართული.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გაიზარდოს ქალთა როლი საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში. პრეზიდენტის განცხადებით, დღეისათვის საქართველოში ქალთა კვოტირება სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურაში არაადეკვატურია და ამ მდგომარეობის გამოსწორების სურვილი გამოთქვა.
"ძალიან რთულ პერიოდში, როდესაც დაინგრა კლასიკური და დადგენილი სტრუქტურები ჩვენი საზოგადოებისა, ეკონომიკისა, სწორედ ქალებმა აიღეს თავიანთ თავზე პასუხისმგებლობა, ქალებმა გადაიტანეს საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური ინსტიტუტების რთული ნგრევა. დასაქმების თვალსაზრისით სწორედ ქალბატონები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც უფრო იოლად მოერგნენ იმ ცვალებად პირობებს და რეალურად გადაარჩინეს ჩვენი ოჯახების კეთილდღეობა.
ასევე, ქალბატონებს ეხება ის რეალობა, რომელიც ჩვენ შარშან ძალადობასთან დაკავშირებით დავინახეთ და რომელსაც ალბათ ჯერჯერობით ადეკვატურ ახსნას ვერავინ მოუძებნის. იმედი მაქვს, რომ დღეს ამ თემაზე როგორც წარსულში ისე ვსაუბრობთ. მე აუცილებლად მივიჩნიე, რომ 2015 წელი ქალის წლად გამომეცხადებინა,"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა
მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტის მეუღლეც იმყოფებოდა. მაკა ჩიჩუამ ქალთა გააქტიურებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში მათი როლის გაზრდაზე ისაუბრა.
"ქალის ბუნება ძალიან ტოლერანტული, მშვიდი, მზრუნველობით სავსეა. ამიტომ ვთვლი, რომ ქალები მაღალ თანამდებობაზე უნდა ინიშნებოდნენ. ეს ზოგადად მთელი ქვეყნისათვის იქნება კარგი. ქალები პოლიტიკური საქმიანობით უნდა დაკავდნენ და უფრო გააქტიურდნენ", – აღნიშნა საქართველოს პირველმა ლედიმ.