ბრიტანეთის ენერგეტიკული კვლევების საბჭოს მონაცემებით, „იაფი ნავთობის ერა“ დასასრულს უახლოვდება.
ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ ამჟამად მსოფლიოში არსებული 10 ყველაზე მსხვილი ნავთობის საბადოს მარაგები მალე ამოიწურება. გამოკვლევის ავტორთა აზრით, არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ 2020 წლისთვის მსოფლიოს ნავთობის წარმოება თავის პიკს მიაღწევს და ზარალზე წავა.
მეცნიერთა მტკიცებით, ყველა საბადო, სადაც შედარებით იოლად მოიპოვებოდა „შავი ოქრო“ უკვე დამუშავებულია, ხოლო ახალი საბადოებიდან ნავთობის მოპოვება უფრო სერიოზულ და ძვირად ღირებულ საშუალებებს მოითხოვს.
„იმისთვის, რომ 2030 წელს თავიდან ავიცილოთ წარმოების დაცემა, აუცილებელი იქნება ამჟამად არსებული საბადოების შემცვლელი ორი მესამედის პოვნა მაინც“, – აღნიშნულია მოხსენებაში.
მსოფლიოში ნავთობის მარაგის ამოწურვაზე საუბარი მეცნიერებმა და ანალიტიკოსებმა უკვე დიდი ხანია დაიწყეს. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ნავთობის მოპოვების პიკი უკვე გადავლილია, მეორენი კი აცხადებენ, რომ ნავთობის მარაგების ამოწურვა უახლოეს მომავალში გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს.
საქმე ის არის, რომ მსოფლიოში დღემდე არ არსებობს ნავთობის მარაგების ზუსტი აღწერილობა, რომელიც საშუალებას მისცემდა სპეციალისტებს, ზუსტად დაედგინათ მარაგების საერთო მოცულობა.