საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა 2016-2022 წლების (მესამე თაობის) ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტი წარმოადგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო გეგმის შემდგომი განვითარების და დახვეწის მიზნით, უკვე გადამუშავდა დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) საგნობრივი სტანდარტები და პროგრამები და განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: გამარტივდა ტერმინოლოგია; გამარტივდა დოკუმენტის ენა; განიტვირთა საგნობრივი სასწავლო პროგრამები შინაარსობრივად; დაწესდა საფეხურების ბოლოს მისაღწევი შედეგები; შემცირდა კლასის ბოლოს მისაღწევი შედეგებისა და ინდიკატორების რაოდენობა; დაკონკრეტდა საკითხები და შეთავაზებულია მეტი პრაქტიკული რჩევა (როგორც შინაარსობრივი, ასევე მასწავლებლის სარეკომენდაციო აქტივობების თვალსაზრისით); გაძლიერდა საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება; შეიცვალა საათობრივი ბადე.
ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების და სტანდარტების გადამუშავების პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ექსპერტებთან ერთად ჩართულნი იყვნენ მოქმედი საგნობრივი პედაგოგები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ესტონეთის განათლების სამინისტრო (ფონდი INNOVE), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), გაეროს ქალთა ფონდი (UN WOMEN), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), კონრად ადენაუერის ფონდი, მსოფლიო ბანკი. მათთან თანამშრომლობა ამჟამადაც გრძელდება. გარდა ამისა, სტანდარტების განხილვის მიზნით მიმდინარეობდა შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციასთან და საგნობრივ ასოციაციებთან (ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და სხვ.). საქართველოს ყველა სკოლას გადაეგზავნა გადამუშავებული სტანდარტები და დამუშავდა შემოსული რეკომენდაციები.
სამომავლოდ დაგეგმილია საბაზო და საშუალო საფეხურების სასწავლო გეგმების გადამუშავება, საშუალო საფეხურის ორგანიზების გადახედვა და შესაბამისი ცვლილების განხორციელება, უმცირესობების ენების ასახვა ეროვნულ სასწავლო გეგმაში და ა.შ.
პროექტის განხილვას მსოფლიო ბანკის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები დაესწრნენ.