ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, მოუწესრიგებელ ქუჩებსა და ამოთხრილი ორმოებს ბევრს ნახავთ. გზების უმეტესობა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ავტომობილების გავლა თითქმის შეუძლებელია.
ფოტოები, რომელიც ტექსტს ახლავს, ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, მერიის შენობის უკანა ტერიტორიაზეა გადაღებული, იაკობ შემოქმედელისა და ბათუმის ქუჩების კვეთაზე, სადაც რკინიგზის გადასასვლელია. აქვეა ბენზინგასამართი სადგურიც. გზის ამ მონაკვეთზე ასფალტის საფარი თითქმის მთლიანად აყრილია.
ადგილობრივების თქმით, უკვე რამდენიმე თვეა გზა ასეთ მდგომარეობაშია.
ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძემ, "გურია ნიუსთან" რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მომავალი წლიდან, ქალაქის თითქმის ყველა ქუჩის მოასფალტება იგეგმება.
"ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, იცვლება წყლის მილები, სამუშაოების დასრულების შემდეგ, იგეგმება ასფალტით მოპირკეთება.
სამუშაოები მომავალი წელს განხორციელდება", – აღნიშნული კომენტარი საკრებულოს თავმჯდომარემ მაშინ გააკეთა, როცა "გურია ნიუსის" ვებ გვერდზე ქალაქ ოზურგეთის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი მოუწესრიგებელი ქუჩის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ქალაქ ოზურგეთის მერიამ, გურიის ქუჩაზე ასფალტის დროებითი საფარი დააგო.