ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 16 იანვრის სხდომაზე ადმინისტრაციულ წარმოებაზე დააყენეს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოს ზრდის საკითხი.
პროექტის თანახმად, გამგებლის ხელფასი 2 650 ლარი რჩება, გამგებლის პირველი მოადგილე 1 800 ლარს მიიღებს, მოადგილე _ 1 600-ს, სამსახურის უფროსი _ 1 350-ს, განყოფილების უფროსი _ 950-ს, გამგებლის თანაშემწე _ 900 ლარს, გამგებლის წარმომადგენელი _ 850 ლარს, მთავარი სპეციალისტი _ 750 ლარს, წამყვან სპეციალისტი _ 650 ლარს, უფროს სპეციალისტი _ 620-ს, სპეციალისტი _ 600 ლარს.
უცვლელი რჩება საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი _ 2 650 ლარი. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ხელფასი 1 900 ლარი ექნება, კომისიის თავმჯდომარეს _ 1 500, ამდენივე ექნება ფრაქციის თავმჯდომარეს.
აპარატის უფროსის თანამდებობრივი სარგო 1 350 ლარი ხდება, განყოფილების უფროსის _ 950 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის _ 900 ლარი, მთავარი სპეციალისტის _ 750 ლარი, წამყვანი სპეციალისტის _ 650 ლარი, უფროსი სპეციალისტის _ 620 ლარი, სპეციალისტის _ 600 ლარი.
საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის განმარტებით, ხელფასების მატება პრემიების ხარჯზე ხდება:
_ ჩოხატაურის საკრებულო გამონაკლისია, რომელმაც უარი თქვა პრემიებზე _ საუბარი მაქვს თანამდებობის პირებზე. ასევე, კომისიის, ფრაქციის თავმჯდომარეები, თანამდებობის პირები არ იღებენ სადეპუტატო უფლებამოსილების თანხას, რომელიც 550 ლარს შეადგენს და ამის ხარჯზე მოხდა ხელფასები მატება; ასევე, მნიშვნელოვანია თანამდებობრივი რანგირების საკითხი, რაც აქამდე მოუგვარებელი იყო, _ აღნიშნა მამალაძემ.
საკრებულოს წევრის ირაკლი ახობაძის განმარტებით, საკრებულოს თანამდებობის პირებს, გამგეობის თანამდებობის პირებზე დიდი ხელფასი უნდა ჰქონდეთ: _ საკრებულო გამგეობის ზედამხედველია, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ხელფასები უფრო დიდი უნდა იყოს, _ აღნიშნა ახობაძემ.
ახობაძეს დაეთანხმა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მაია პაიჭაძე, რომლის თქმით, გამგებლის მოადგილის და კომისიის თავმჯდომარის ხელფასს შორის ასეთი სხვაობა არ უნდა იყოს.
_ არ გვინდა შეჯიბრობითობა. იქაა გამგებლის მოადგილე, აქ არიან კომისიის თავმჯდომარეები. ეს არის ის საშუალება, რომელიც ბიუჯეტს აქვს და რომელიც დამატებითი ხარჯებით კი არა, დაზოგილი თანხებით გაიცემა, _ დასძინა მამალაძემ.