რადგან, როგორც ყოველთვის, პოლიცია კომენტარს არ აკეთებს. ამიტომ ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენს მიერ ნანახითა და თვითმხილველთა ნაამბობით უნდა დავკმაყოფილდეთ. ფაქტი, რაც შემთხვევის ადგილზე ღამითვე ვნახეთ, ის გახლდათ, რომ 23 საათისთვის შემთხვევა უკვე მომხდარი იყო _ ადგილზე კრიმინალური სამსახური და ექსპერტიზის ბიურო მუშაობდა. როგორც ირკვევა, ტრაილერის მძღოლი, რომელიც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ტრაილერის უკანა ნაწილით შეეჯახა პოლიციის შენობას მთავარი შესასვლელის მხრიდან. “კარგა ხნის დაღამებული იყო, როცა ზედიზედ გავიგონეთ სამი ძლიერი დარტყმის ხმა. გავიხედეთ და დავინახეთ პოლიციის შენობას ტრაილერი შეჯახებოდა” _ გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ. მართალია, ტრაილერი სამჯერ შეეჯახა შენობას, მაგრამ კედლის ჩამონგრევა ვერ მოახერხა _ შენობას მხოლოდ ნალესი ჩამოეშალა და დაზიანდა წარწერა. უფრო დიდი ნგრევა შეჯახებას შიგნიდან გამოუწვევია.
რა გახდა პოლიციის შენობაზე თავდასხმის მიზეზი? ზუსტი ინფორმაციის მოპოვება ჩვენთვის შეუძლებელი გახდა. ერთ-ერთი ვერსიით, რომლის გადამოწმება ვერ მოხერხდა, შემთხვევას წინ უსწრებდა ქალაქის ცენტრში ახალგაზრდებს შორის შეხლა-შემოხლა. პოლიციას რამდენიმე ახალგაზრდა დაუკავებია და მათი მეგობარი სწორედ ამიტომ მისულა პოლიციაში თავისი ტრაილერით. სავარაუდოდ, ის შენობაში არ შეუშვეს და ასე გადაწყვიტა მძღოლმა “მეგობრების დახმარება”. ჩვენი ინფორმაციით, ის ადგილზე დააკავეს და თუ ქალაქში გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, გვარიანადაც უცემიათ. სავარაუდოდ, მას ბრალს საკმაო მძიმე მუხლებით წაუყენებენ.
უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებაზე ზედამხედველობას ოზურგეთის პროკურატურა აწარმოებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ღამესვე საქმის კურსში ჩააყენეს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.