დღეს, ოზურგეთის სასამართლოში მოსარჩელე რეზო ვაშალომიძის სასამართლო პროცესი უნდა შემდგარიყო , თუმცა ის 30 იანვრისთვის გადაიდო.
სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მეორე მხარე, აჭარის და გურიის სააღსრულებლო ბიუროს აღმასრულებელი, კობა ესაძე. როგორც სასამართლოს თავმჯდომარე ბიძინა სტურუამ განაცხადა, ესაძემ განცხადება გამოგზავნა, რომ ის შვებულებაშია.
ოზურგეთში, ლომთათიძის ქუჩაზე მცხოვრები, სოციალურად დაუცველი რეზო ვაშალომიძის ცხრასულიანი ოჯახში ამ წუთებში გამოსახლების მოლოდინშია.
"გურია ნიუსი" წერდა, რომ ვაშალომიძემ მეზობლისგან სესხად აღებული თანხა ვერ გადაიხადა და სანაცვლოდ, იპოთეკით დატვირთული სახლის საკუთარი წილის მაგივრად, მთელ ოჯახს ართმევენ.
ვაშალომიძის ადვოკატი, გიორგი დარჩია "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს:
_რეზო ვაშალომიძე უარს არ ამბობს ვალის გადახდაზე მისი წილის ფორმით. სასამართლოსაც აბსოლუტურად სწორად აქვს გამოტანილი გადაწყვეტილება, სწორედ ამ წილის მითითებით. თუმცა, სააღსრულებლო ბიუროს არაკანონიერად აქვს შედგენილი ოქმი, რის მიხედვითაც კაცს ოჯახს მთლიანად ართმევენ.
_თქვენ ამბობთ, რომ სააღსრულებლო ბიურო თვითნებურად მოქმედებს?
_ასე გამოდის. შედგენილი აქვთ დაყადაღების ოქმი, თითქოს, ვაშალომიძეებთან შინ არავინ იყო. ცხრასულიან ოჯახში ერთი წევრიც არ დახვდათ? ან რა უსულგულობაა, სოციალურად დაუცველ ოჯახში, ვთქვათ, უცებ, შინ არავინაა, სასწრაფოდ უნდა დააყადაღო? ძნელი დასაჯერებელია. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ჯერ ამ სასამართლოს შედეგს ველოდებით და შემდეგ შევიტანთ პროკურატურაში განცხადებას.
რეზო ვაშალომიძე კი კვლავ შველას გვთხოვს – "ახლა სახლში უკვე დამხვდებიან და გამოგვყრიან გარეთ, სოციალურად დაუცველი ვარ და გვიშველეთო!"
ჩვენ ვცადეთ დავკავშირებოდით აჭარის და გურიის სააღსრულებლო ბიუროს აღმასრულებელს, კობა ესაძეს. ნომერზე მამაკაცმა გვიპასუხა, მე ნუკრი ვარ და კობა ესაძის ნომერს მოგწერთო. მის მიერ მითითებულ ნომერზეც არაერთხელ დავრეკეთ, თუმცა, აღარც ნუკრი გვპასუხობს და აღარც კობა ესაძე. ამასობაში, ვაშალომიძეები გამოსახლების მოლოდინში არიან. ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ პროცესს.