საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს 28-ე სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე, რომელიც უკრაინაში არსებულ კრიზისს დაეთმო, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და ლიტვის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა გააკეთეს.
"სახიფათოა, რომ რუსეთის ქმედებები "ახალ ნორმად" იქცეს. ჩვენ ეს სტრატეგია მანამდე ვნახეთ ყირიმში, ხოლო უფრო ადრე – საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და დნეპრისპირეთში. მოსკოვის მიერ ინსპირირებული ყველა კრიზისი ერთმანეთის მსგავსია _ ჩამოაჭრა მეზობელ ქვეყანას ტერიტორია და აქციო ის გაყინულ კონფლიქტად", _ განაცხადა გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სამანტა პაუერმა.
მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებაზე გაამახვილა ყურადღება გაერო-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ გრანტმა. როგორც მან აღნიშნა, ე.წ. ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთსა და აფხაზეთს შორის უკვე მოეწერა ხელი, ხოლო სამხრეთ ოსეთთან ხელმოსაწერად მზადდება, "მეზობელი ქვეყნის შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევის მოდელს და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ ხელყოფას წარმოადგენს".
საქართველოს საკითხი წინ წამოსწია ასევე გაერო-ში ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა.
კერძოდ, მან აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბრის შეთანხმებების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მაგივრად, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ანექსიას და აღნიშნულის შენიღბვას მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებით ცდილობს.
"მოვუწოდებთ რუსეთს დაიცვას გაერო-ს ქარტიით განსაზღვრული ფუნდამენტური პრინციპები და შეწყვიტოს ექსპანსიონისტური და რევანშისტული პოლიტიკა, რომელიც სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული", _ განაცხადა რაიმონდა მურმოკაიტემ.